„გრანტების კანონში” შესულ ცვლილებებს, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, “ოცნების” არჩეული პრეზიდენტის ხელმოწერა უკვე აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან მთავრობის თანხმობის გარეშე ვერცერთი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ვეღარ დაეხმარება. თანხმობა გრანტის გაცემაზე დასჭირდება დონორს და არა გრანტის მიმღებს. აკრძალული გრანტის მიღება კი გრანტის მიმღების დაჯარიმებას გამოიწვევს აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის დისკრეცია კი ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ ეხმარებიან დონორები საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებს იმ სერვისების დაფინანსებაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამების მიღმაა.
“ჩვენი ასოციაცია დაფუძნებულია მშობლების მიერ იმისთვის, რომ გვეპასუხა იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს ქვეყანაში. მაგალითად, დღემდე საქართველოში არ არსებობს მშობლების ინფორმაციული, თუ ფსიქოემოციური მხარდაჭერის არანაირი მექანიზმი და მომსახურება. ბავშვი როცა იბადება დაუნის სინდრომით ან სხვა მდგომარეობით მშობელს უწევს კარდაკარ სიარული და არსად მსგავს ინფორმაციას არავინ არ აწვდის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის მხარდაჭერისთვის ადრეულ ეტაპზე. ამას ჩვენი ორგანიზაცია აკეთებდა წლების განმავლობაში სწორედ დონორების მხარდაჭერით. შექმნილი გვაქვს ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა და ცხელი ხაზი. უამრავ რამეს ვაკეთებთ მათ შორის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე ქვეყანაში სისტემური მხარდაჭერის მიმართულებით.
ყველაფერი, რასაც ვახორციელებთ ყოველთვის დონორების მხარდაჭერით ხორციელდება, იმიტომ რომ არცერთი სახელმწიფო პროგრამა ამას არ ფარავს. შესაბამისად, ეს საგრანტო მიმართულების გართულება რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება ჩვენს საქმიანობაზეც და არის იმის რისკები, რომ საერთოდ ორგანიზაციამ ვეღარ შეძლოს ფუნქციონირება თუ ამ მხარდაჭერას დაკარგავს.
ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ, თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. არ არის მარტივი, რომ მხარდაჭერა მოიპოვო, საბოლოოდ გამოდის, რომ დონორს დაარწმუნებ თუ პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობაზე და მერე ეს გადაწყვეტილება უნდა მივიდეს მთავრობაზე, მათ განიხილონ, ღირს თუ არა ამ პროექტის განხორციელება. მოლოდინები რა თქმა უნდა არ გვაქვს კარგი, აუცილებლად ამ გადაწყვეტილებებს მიიღებენ იმ ნიშნით, თუ ვინ რომელ მხარეს იმყოფება და რა შეხედულებები აქვთ. ჩვენი შეხედულება რა თქმა უნდა არის ევროპული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ღირებულებებით და ამის გარშემო არის ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად აგებული და რა თქმა უნდა ჩვენი კურსი იქნება უცვლელი.
დღითი დღე მძიმდება მოცემულობა და კრიზისში შედის ჩვენი ქვეყანა. ეს ერთის მხრივ აფერხებს ჩვენს საქმიანობას, ასევე იმ მცირე რაოდენობის დონორ ორგანიზაციებსაც დააფრთხობს, რომელიც დაგვრჩა. არავის არ მოუნდება ასეთი წნეხის და წინააღმდეგობების გავლა, თან სამართლებრივი რისკებიც შემოდის ამ კანონთან დაკავშირებით და ალბათ ბევრ პრობლემებს შექმნის და გააქრობს იმ მხარდაჭერასაც, რაც დარჩა ქვეყანას“, – აცხადებს ლია ტაბატაძე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ “ქართული ოცნება” თავად გადაწყვეტს ვის მისცეს როგორც უცხოური გრანტი, ისე სახელმწიფო დაფინანსება, რომლისთვისაც სახელმწიფო გრანტის სააგენტო იქმნება. აღნიშნული სსპ-ი კონკურსის საფუძველზე მხოლოდ იმ ორგანიზაციებზე გასცემს გრანტს, რომელთა საქმიანობა “ქართული ოცნების” პრიორიტეტულ მიმართულებაში ჩაჯდება. 19 წევრისგან შემდგარი საბჭოც სრულად “ქართული ოცნების” მთავრობისგან იქნება დაკომპლექტებული და მის ხელმძღვანელსაც ირაკლი კობახიძე დანიშნავს.
დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელს არც ამ შემთხვევაში აქვს დამაიმედებელი მოლოდინები.
„ბევრ განვითარებულ ქვეყანას მსგავსი მიდგომები აქვთ, როდესაც ბიუჯეტი გასცემს გრანტებს სხვადასხვა ორგანიზაციებზე. კონკურსში შედიან ორგანიზაციები ძალიან ჯანსაღ გარემოში, მაგრამ ამ მოცემულობაში, როგორშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კონკურსი იქნება ჯანსაღ გარემოში და სავარაუდოდ, ისევ იმ ორგანიზაციების დაფინანსება მოხდება, რომლებიც არიან მთავრობასთან დაახლოებულები და მათი ინტერესების გამტარი. მოლოდინი ასეთი გვაქვს“,-აცხადებს ლია ტაბატაძე.