ჭიათურელი მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეებისთვის კომპანიის დათქმები იმაზე, თუ რა შემთხვევაში განაახლებს მიწისქვეშა მოპოვებას, მათთვის მთავრობის ჩართულების გარეშე მიუღებელია. „მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამის კონტროლზე“ – აცხადებს BM.GE-სთან მაღაროელი „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ 17 აპრილს გაცხადებული დათქმების შეფასებისას.

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” მიწისქვეშა მოპოვების განახლებას რეორგანიზაციის გარეშე არ აპირებს, რაც კადრებისა და პროცესის ოპტიმიზაციას მოიცავს. კომპანიის მიერ შეჩერებული მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოების აღდგენის მზაობის შესახებ 16 აპრილს სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, თუმცა კონკრეტულად რა პირობები ჰქონდა კომპანიას უცნობი იყო. CMC-მ 17 აპრილის განცხადება გაავრცელა, სადაც მიწისქვეშა მოპოვების აღდგენის პირობებია გაწერილი, კონკრეტულად კი: საწარმოს სტრუქტურულ რეორგანიზაცია; ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაცია; შიდა ვაკანსიების გამოცხადება; თანამშრომლების გადამზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების დაწყება; უსაფრთხო და თანამედროვე სამუშაო პირობების დანერგვა.

„კომპანიისგან და პროფკავშირისგან გაჟღერებული არანაირი დათქმა ჩვენთვის მისაღები არ არის თუ ამ პროცესში მთავრობა არ ჩაერთო. მიგვაჩნია, რომ მათგან გაჟღერებული ან თუნდაც ხელმოწერილი დოკუმენტი, როგორც ეს 2019-ში და 2023-ში მოხდა, არანაირი ფასი არ აქვს. ამიტომ ვითხოვთ მთავარობასთან შეხვედრას, მერე იყოს მთავრობასთან ერთად დათქმებიც, ხელმოწერებიც, გარანტიებიც და ამის შემდეგ დიალოგის რეჟიმში შევთანხმდებით თუ იქნება ჩვენთვის მისაღები მათი შემოთავაზება და თუ იქნება გარანტიები გავაგრძელებთ მუშაობას, ეს გვინდა ჩვენც.

ამიტომ კომპანიის და პროფკავშირის დათქმები და მიღწევები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. მთავრობასთან ჩართულობით და დიალოგით, გვინდა გავიაროთ ეს საკითხები. მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამის კონტროლზე“, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის მთავრობის მხრიდან დამაიმედებელი ნაბიჯები არ გადადგმულა, 3600-მდე დასაქმებული კი კომპანიას ვეღარ ენდობა.

BM.GE-ს კითხვას – ენდობიან თუ არა მთავრობას თითქმის 2-თვიანი მიმართვებისა და შეხვედრის მოთხოვნის შემდეგ, ტარიელ მიქაცაძე ასე პასუხობს: „ეგეც მართალია რამდენად სანდობია ამდენი ხვეწნის მიუხედავად, უწყვეტი პროტესტის 50-ე დღეა და [მთავრობიდან]სერიოზული გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა მუდმივი არაფერია. კიდევ დაველოდებით, ამასობაში დროც გავა, არჩევნებიც მოვა, ხალხი თავის შეფასებას გააკეთებს… ერთადერთი რაც ხელში მკაცრად გვიკავია ის არის, რომ მარგანეცი ქალაქიდან არ გადის და ეს რესურსი კომპანიას აუცილებლად დასჭირდება“.

მაღაროელის ინფორმაციით, ამ დროისთვის ამუშავებული ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მანგანუმის იმ მარაგებს იყენებს, რომელიც კომპანიამ ნოემბრიდან მარტამდე გაიტანა ქალაქიდან, თუმცა მარაგები იწურება, ამიტომ მაღაროელები იმედოვნებენ, რომ ფეროშენადნობების საწარმოს ადგილობრივი მანგანუმი დასჭირდებათ, რაც მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.

„ზესტაფონის ქარხანა რომ აამუშავეს, პირველი ნოემბრიდან პირველ მარტამდე ზესტაფონიდან 3 000 ტონა მანგანუმი ჩაიტანეს, კოოპერატივების მოპოვებული და გამდიდრებული, პარალელურად გვაქვს ინფორმაცია რომ აფრიკული და ავსტრალიური მანგანუმი შემოდის, რომლის ხარისხი ჩვენსაზე დაბალია და უნდა შეზავდეს ერთმანეთში. გვაქვს ინფორმაცია, რომ ჭიათურიდან ჩატანილი მანგანუმის მარაგები ეწურებათ და რაღაც დროის განმავლობაში, თუ უნდათ რომ ფერომ იმუშაოს, აუცილებლად უნდა დასხდნენ ჩვენთან სასაუბროდ, იმ პირობებზე რასაც ჩვენ ვითხოვთ“, – განაცხადა მაღაროელმა.

რაც შეეხება ერთი თვის ხელფასის 60%-ის დარიცხვას, რის შესახებ კომპანიის გუშინდელ განცხადებაში იყო აღნიშნული, ტარიელ მიქაცაძე ადასტურებს, რომ 17 აპრილის საღამოსთვის ხელფასები დაირიცხა: „გუშინ საღამოს, საპროტესტო აქციის დროს დაირიცხა ერთი თვის ხელფასის 60%. იყო იგივე პრობლემები, რადგან ვისაც ბანკებთან პრობლემები აქვთ, მათ 50% ჩამოეჭრათ. საბანკო პრობლემები მოსაგვარებულია“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *