ქეთი ცოტნიაშვილის განცხადებით, ევროპული ორგანიზაციის წევრობის დაკარგვა საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოახდენს გავლენას უცხოელი სტუდენტების მოზიდვაზე, რომლებიც საქართველოში ძირითადად სამედიცინო განათლების მისაღებად ჩამოდიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უცხოელი სტუდენტების შემოსვლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 2024-2025 სასწავლო წლების მონაცემებით, სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში 188 ათასამდე სტუდენტი სწავლობს, საიდანაც 37 ათასი უცხოელი სტუდენტია.
“ეს პროცესი მოახდენს გავლენას საერთაშორისო სტუდენტებზე. შეიძლება ეს არ იყოს დღეს, მაგრამ აუცილებლად შეამცირებს მათ რაოდენობას, რადგან მას შემდეგ, რაც ეს სტუდენტები დაასრულებენ აქ სწავლას და მიხვდებიან, რომ აღიარებასთან დაკავშირებით ექმნებათ დამატებითი პრობლემები, მერე ვიგემებთ ამის შედეგებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სტუდენტი არის სამედიცინო მიმართულებით საქართველოში ჩამოსული, ჩვენ ვართ ჯერ კიდევ WFME-ს წევრები. WFME-ის შემდეგი შეფასების დროს, რა შედეგი დადგება და როგორ განვითარდება ეს მოვლენები, ეს ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ, რომ ის სტანდარტები, რაც დაირღვა EQAR-ის შემთხვევაში, არის ზუსტად მსგავსი WFME-ს შემთხვევაში, რაც ასევე მოითხოვს იმას, რომ ხარისხის შეფასების პროცედურა უნდა იყოს გამჭვირვალე და ობიექტური და გადაწყვეტილების მიღებაც უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე და არა სხვადასხვა კერძო, თუ პოლიტიკურ გავლენებზე და პრეფერენციებზე”, – აცხადებს ქეთი ცოტნიაშვილი.
ცნობისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს მიერ 2023 წელს მომზადებულ შეფასებაში დამოუკიდებლობის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც გასული წლის ბოლოს EQAR-ის რეგისტრაცია შეუჩერდა. უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში [EQAR] საქართველოს ახლა უკვე ყოფილი წევრის სტატუსი აქვს.
რა კეთდება დაკარგული სტატუსის აღსადგენად, და ევროპული ორგანიზაციის წევრობის დაკარგვით მოსალოდნელი შედეგების პრევენციისთვის, ამაზე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი და თავად სამინისტრო ჯერ მკაფიოდ არ საუბრობს. ცოტა ხნის წინ bm.ge-სთვის გამოგზავნილი ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე ევროპული ორგანიზაციიდან გადაწყვეტილებაში მითითებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ფოკუსირებული შეფასების განხორციელებას ითხოვს.
რაც შეეხება საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარებას, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრობის მიმართულებით არაფერი შეცვლილა და ამ ორგანიზაციის აღიარებას დღემდე ფლობენ.