საქმე ის არის, რომ “ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების გაცემა და/ან მიღება აკრძალა. „გრანტების შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, ვერცერთი დონორი ვერ გასცემს გრანტს თუ არ ექნება მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს, კერძოდ, ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა. მოკლედ, დონორმა ანუ გრანტის გამცემმა ნებართვისთვის უნდა მიმართოს ანტიკორუფციულ ბიუროს, წარუდგინოს ხელშეკრულების პროექტი ანუ ვისზე გასცემს გრანტს და რა მიზნობრიობით. ანტიკორუფციულ ბიუროს კი აქვს 10-დღიანი ვადა, პასუხის გასაცემად. აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. თუ არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს უნებართვო გრანტს, სასჯელის ზომა „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობაა“, რომელიც გრანტის მიმღებს დაეკისრება.
„ქართველი ხალხისთვის ეს შეზღუდვა ნიშნავს რესურსების დაკარგვას – ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს არ შეეძლებათ არჩევანის გაკეთება, მაგალითად, იურიდიული დახმარებისთვის საიას მიმართონ თუ აიყვანონ კერძო ადვოკატი, რადგან საიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და ა.შ. სხვა არასამთავრობოებს, ვინც ახლა უსასყიდლოდ გასცემს იურიდიულ სერვისებს, სახელმწიფო არ მისცემს საშუალებას, დონორებისგან გრანტები მიიღონ. ძალიან აშკარაა იმ სამიზნეების სია, ვისი განადგურებაც უნდა „ქართულ ოცნებას“. ისინი შეზღუდავენ დონორებს და არ მისცემენ სამოქალაქო სექტორს უფლებას, იარსებონ და ქართველ მოქალაქეებს საჭიროებების სრული პაკეტი უფასოდ მიაწოდონ“, – განაცხადა გადაცემა „წერტილში“ საბა ბრაჭველმა.
BMGTV-სთან ინტერვიუში იურისტმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რას ნიშნავს თავად დონორებისთვის მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემის აკრძალვა. მისივე შეფასებით, „გრანტების შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები ნეპოტიზმის და კორუფციის რისკებსაც შეიცავს.
„დონორებს არჩევანი ექნებათ გასაკეთებელი. ითამაშებენ თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს წესებით. მაგალითად: იტყვიან თუ არა უარს ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს არ მოსწონს. სხვათა შორის, კანონში ცვლილებები 17 აპრილს შევიდა, მაგრამ დღემდე არ მინახავს კანონქვემდებარე აქტი, რომელიც მოაწესრიგებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, რის საფუძველზე ეტყვის ანტიკორუფციული ბიურო დონორს უარს ამა თუ იმ არასამთავრობოსთვის გრანტის მიცემის თაობაზე. ეს ყველაფერი ნეპოტიზმის და კორუფციის უდიდეს საფრთხეს შეიცავს და ამდენად შეეგუებიან თუ არა ნეპოტიზმს და კორუფციას ეს იქნება პირველი კითხვა, რასაც დონორებმა უნდა უპასუხონ.
დარწმუნებული ვარ, დონორების ნაწილი გადაწყვეტს, რომ ამ ქვეყანაში ფულის უსასყიდლოდ დარიგება არ ღირს, რადგან რატომ არ უნდა შეეძლოთ მათ მოქალაქეებისთვის პირდაპირ დახმარება და რატომ უნდა იყოს შუამავალი რაჟდენ კუპრაშვილის სახით?! შეიძლება, უბრალოდ დახურონ გარკვეული საგრანტო კონკურსები და დაფინანსება, რაც ქართველ ხალხს ხმარდება, გავიდეს ქვეყნიდან“, – განაცხადა საბა ბრაჭველმა.
„გრანტების შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას ითვალისწინებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გასაჩივრება მთავრობის გადაწყვეტილებას არ აჩერებს.
მიუხედავად ამისა, იურისტი ურჩევს ყველა არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციას, რომ როცა ანტიკორუფციული ბიურო გრანტის გამცემს/დონორს უარს ეტყვის გრანტის გაცემაზე, როგორც კი, გრანტის მიმღები შიდა სამართლებრივ ღონისძიებებს ამოწურავს, აუცილებლად გააგზავნოს სარჩელი სტრასბურგში და მოითხოვოს კანონის მოქმედების შეჩერება, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.