ასოციაციის ბორდი გადაწყვეტილების მიზეზებს შორის იმას ასახელებს, რომ ცენტრი ვერ აკმაყოფილებს წევრობისთვის მოთხოვნილ კრიტერიუმებს, კერძოდ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ის სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრის ორგანიზაციული და ოპერატიული დამოუკიდებლობის საკითხზე.
როგორც განათლების ექსპერტი, ქეთი ცოტნიაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, იმ ორი წლის განმავლობაში, სანამ წევრობა ნარჩუნდება, ცენტრმა უნდა მიმართოს ასოციაციას და დაადასტუროს, რომ ხარვეზები გამოასწორა.
როგორც ის განმარტავს, EQAR-ის წევრობის შეწყვეტის შემდეგ ისედაც დაზიანებული რეპუტაციის პირობებში, ამით რეპუტაციული ზიანი კიდევ უფრო ღრმავდება.
“ENQA-ს საბჭოს გადაწყვეტილებაში დამოუკიდებლობაზეა აქცენტი და ასევე, ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების არათანმიმდევრულობასა და გაუმჭვირვალობაზე.
ENQA-ს წევრობა წარმოადგენს ხარისხის სააგენტოებს შორის თანამშრომლობის, პოლიტიკის შექმნის და გაუმჯობესების და ურთიერთგაზიარების პლატფორმას. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ისევ ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა ENQA-ს შეხვედრებში და გაუზიარონ რესურსები, თუმცა თუ ამ ორ წელში ვერ გამოასწორებს ხარვეზებს, უკვე სრულად დაკარგავენ წევრობას”,- ამბობს ქეთი ცოტნიაშვილი.
BM.GE საკითხთან დაკავშირებით კითხვებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
2019 წელს, როდესაც საქართველო ENQA-ს წევრი გახდა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში აცხადებდნენ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს: საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში; საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს; უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას.
შეგახსენებთ, განათლების ექსპერტებმა, მათ შორის ქეთი ცოტნიაშვილმა, გასულ წელს განაცხადეს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავდა. ამის შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განმარტა, რომ ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში 2023 წლის ოქტომბერში შედგა და EQAR-მა 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. ცენტრში იმასაც ამბობდნენ, რომ ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ცენტრი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო.
უკვე მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ EQAR-ში რეგისტრაცია, რაც ევროპის ქვეყნების განათლების სისტემებს შორის ხარისხის ნდობის და მიღებული განათლების აღიარების გამარტივების წინაპირობაა, შეწყვეტილია და არა შეჩერებული. EQAR-ის ვებგვერდზე ცენტრი უკვე ყოფილი წევრების სიაშია შეყვანილი და გამოქვეყნებულია გასული წლის ბოლოს მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება რეგისტრაციის განახლებაზე.