თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ორ უცხოურ სადაზვერვო სააგენტოსგან აქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოცემული საფრთხის გათვალისწინებით, იურიდიულ ჯგუფს არ დარჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ გაავრცელონ შესაბამისი განცხადება საჯაროდ და მოუწოდონ საერთაშორისო სამართალდამცავ უწყებებს, დაიცვან გიორგი ბაჩიაშვილის უსაფრთხოება და გამოიძიონ საქმეზე პასუხისმგებელი პირები. “ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახიფათო სიტუაციიდან გამომდინარე, ბატონ ამსტერდამს იურიდიულ გუნდს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს განცხადება გაავრცელოს და მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს საერთაშორისო დონეზე, უზრუნველყონ ბატონი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ისინი, ვინც ამ სავარაუდო შეთქმულების უკან დგანან,” — ნათქვამია განცხადებაში. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი აცხადებს რომ მკვლელობის შეთქმულება შესაძლოა დაკავშირებული იყოს “გარე ძალებთან, რომელთაც სურთ საქართველოში არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო არევა”. “ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი გზა ყველა სერიოზული პოლიტიკური ოპონენტისა და რეჟიმის კრიტიკოსის გასანადგურებლად,” — განაცხადა რობერტ ამსტერდამმა. შეგახსენებთ, 4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან იძულებით წავიდა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორს ბრალი საერთო ჯამში სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი. მას თავდაპირველად ბრალი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, მან 43 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, ამ საქმეზე, მას გირაო პატიმრობით შეეცვალა. გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთი ბრალი “მტკვარი ჰესის” საქმეზე აქვს. კერძოდ — სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვნად შესრულებაზე. აღნიშნულ საქმეზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ბაჩიაშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც.
ახალი ამბების სააგენტო