ახალი საკონტეინერო სივრცის დამატების შედეგად ფოთის საზღვაო ნავსადგურის გამტარუნარიანობა 600 000 TEU-მდე გაიზრდება. როგორც ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, გაფართოების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა 50 000 TEU კონტეინერით გაიზარდა.

ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, ახალი ნავმისადგომის პროექტის განხორციელებამდე, არსებული ტვირთნაკადის მომსახურებისთვის ასევე განიხილება არსებული ნავმისადგომის ფუნქციური ცვლილება იმისთვის, რომ პორტი ნაყარი ტვირთების მაგივრად კონტეინერებს მოემსახუროს.

“არსებული რეალობის გამკლავებისთვის ჩვენ შევიძინეთ დამატებით 5,4 ჰა ტერიტორია, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილია არამხოლოდ არსებული ნაკადის გამკლავება, არამედ მუდმივი გაუმჯობესების პროცედურების, მუდმივი ტექნოლოგიური ზრდის და ტერიტორიის დამატების ხარჯზე ჩვენ 50 000 TEU კონტეინერით გავზარდეთ ჩვენი გამტარუნარიანობა, ახლა ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ფოთის ნავსადგური შეძლებს 600 000 TEU კონტეინერს გაუმკლავდეს.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის გემების ნავსადგურში დაყოვნების დროის შემცირება, ამაზე ბევრი გვაქვს სამუშაო. ახლა ვცდილობთ არსებული ნავსადგურის ფარგლებში გამოვნახოთ საშუალება, რომ შეიძლება ერთ-ერთი ნავმისადგომი გადავაკეთოთ და ნაყარი ტვირთების მაგივრად მოვემსახუროთ კონტეინერებს. ამაზე მუდმივად მიდის საუბარი, თუმცა ჩვენ გვაქვს ფოთის ახალი ნავსადგურის მოქმედი პროექტი. აქ მცირეოდენი გადაადგილებით დიდი შედეგს ვერ მივიღებთ.

ახალი ნავსადგურის პროექტზე მთავრობასთან კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ შედეგს ვერ ვაღწევთ”,-აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.

ბოლო 4 წლის განმავლობაში წელს პირველ კვარტალში ფოთის პორტმა კონტეინერების ყველაზე მეტი რაოდენობა დაამუშავა. ფოთის საზღვაო ადმინისტრაციის მონაცემებთ, იანვარ-მარტში ნავსადგურში 146 468 TEU კონტეინერი დამუშავდა, 16%-ით მეტი ვიდრე შარშან.

„ამავდროულად გაიზარდა საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე, 81 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში – 74. გაზრდილია ნაყარი ტვირთების რაოდენობაც. თუ კომპანიის მიერ წელს 82 369 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა მხოლოდ 37 281 ტონა იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *