“[ემიგრანტები] ვიზალიბერალიზაციის ფუფუნების გამო ახერხებენ ოჯახების ფინანსურ დახმარებას” – ტუროპერატორი

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების რისკებზე ტუროპერატორი, კომპანია “მილქი ვეის” თანადამფუძნებელი, სოფო დარბაიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია გაუუქმდება, ეს, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.

საქმე ისაა, რომ გასულ კვირაში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ საჯაროდ გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ისევე როგორც ევროკავშირის გადაწყვეტილებამ, წლის ბოლომდე გაამკაცროს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი საქართველოსა და სხვა 60 ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის გაუქმების რისკები უფრო ნათელი გახადა, რაც სოციალურ ქსელებში დისკუსიებშიც გამოიხატა.

გერმანიის ელჩმა თქვა, რომ ვიზა არის პრივილეგია და ჩვენ უნდა დავაფასოთ – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! – შალვა პაპუაშვილი

“[ვიზალიბერალიზაციამდე] მოგზაურები ფინანსურად უფრო დიდ რისკს სწევდნენ: როდესაც სავიზო ცენტრში შედიხარ, წინასწარ გჭირდება ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და რაღაც დანახარჯები უკვე გაწეული გაქვს. თუ ვიზაზე დადებითი პასუხი არ არის, ამ ყველაფერს უბრალოდ კარგავ. ვიზალიბერალიზაციამ მოიტანა, რომ უამრავმა ადამიანმა დაიწყო მოგზაურობა და, როდესაც საუბარია ტურიზმის ბიზნესს საფრთხე ემუქრება თუ არა – ადამიანები მოგზაურობას მეტ-ნაკლებად მაინც გააგრძელებენ. საფრთხის წინაშეა ეკონომიკა… თუ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდა, მოგზაურებს და ქვეყანასაც ხარჯები გაეზრდებათ.

გარდა ამისა, უამრავი ადამიანი მოგზაურობს დასაქმების მიზნით და, სტატისტიკასდ თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქვეყნიდან გამავალი ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ ვიზალიბერალიზაციის ფუფუნების გამოა სხვა ქვეყანაში და ახერხებს იქიდან ოჯახისთვის ფინანსური დახმარების გაწევას – ამ ყველაფერს ექმნება საფრთხე და, პირველ რიგში, ჩვეულებრივი მომხმარებელი დაზარალდება, რომელსაც მოუწევს, უფრო მეტი რესურსი ჩადოს ქვეყნიდან გასვლაში, იქნება ეს ფინანსური, დროის თუ ემოციური”, – ამბობს სოფო დარბაიძე.

ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ბაზრის დარეგულირებასაც გამოიწვევს და ტუროპერატორთა დიდ ნაწილს უბრალოდ ოპერირების გაჩერება მოუწევთ.

რაც შეეხება ტურისტულ ბიზნესს, რაღაც კუთხით, ეს დარეგულირდება, რაც “ტურიზმის შესახებ” კანონს უნდა გაეკეთებინა (რომელსაც ვერ დაადგა საშველი და ვერ მიიღო ისეთი ფორმა, რომლითაც რეალურ პრობლემებს მოაგვარებდა), გაფილტრავს ბაზარს და ვიღაცები უფრო მოგებული დარჩებიან ამ ბიზნესში.

რადგან არ რეგულირდება ეს სფერო, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მოგზაურობის ელემენტარული გამოცდილება აქვს, შეუძლია დაბრუნდეს ქვეყანაში და ტურისტული “ბიზნესი” შექმნას. ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ არიან იურიდიული ფირმის ქვეშ, უბრალოდ ფიზიკური, თვითდასაქმებული პირები არიან, რომლებიც რაღაც კონკრეტულ ჯგუფებს უწევენ მომსახურებას სხვა ქვეყანაში – ისინი თავისთავად გაქრებიან, რადგან როცა საქმე უფრო ბიუროკრატიული ხდება, ასეთი ადამიანები უბრალოდ ბაზრიდან გადიან და მაღალი გამოცდილების და სანდოობის კომპანიები რჩებიან. მათ მიმართ მომართვიანობა გაიზრდება, რადგან მომხმარებელი, რომელიც ახლა დამოუკიდებლად მოგზაურობს შენგენში, ვეღარ გარისკავს და მოუწევს, ტურისტულ კომპანიას მიმართოს დახმარებისთვის”, – განაცხადა “მილქი ვეის” თანადამფუძნებელმა.

ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის – საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.

EU უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას წლის ბოლომდე გეგმავს – ეს საქართველოს და კიდევ 60 ქვეყანას ეხება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *