3G Capital ფეხსაცმლის ბრენდ Skechers-ს $9 მილიარდად შეისყიდის

3G Capital ფეხსაცმლის ბრენდ Skechers-ს $9 მილიარდად შეისყიდის
ამერიკულ-ბრაზილიული საინვესტიციო ჯგუფი 3G Capital ფეხსაცმლის ამერიკულ ბრენდს Skechers $9.4 მილიარდად შეისყიდის – წერს Financial Times.

“ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია, რომელიც უორენ ბაფეტთან თანამშრომლობით Kraft-ისა და Heinz-ის შერწყმითაა ყველაზე ცნობილი, სწორი სამიზნეს ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მსხვილ გარიგებებს უბრუნდება” – წერს გამოცემა.

შეთანხმების პირობების თანახმად, Skechers-ის აქციონერებს აქციების $63-ად გამოსყიდვის ან ნაღდი ფულის სახით $57-ისა და ახალ კომპანიაში წილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

ამასთან, Skechers-ის აღმასრულებელი დირექტორი რობერტ გრინბერგი, რომელმაც ბრენდი 1992 წელს დააფუძნა, კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციაზე რჩება და მმართველ გუნდსაც ინარჩუნებს. მისი ვაჟი, მაიკლ გრინბერგი კი პრეზიდენტის პოსტზე შენარჩუნდება. ბრენდის სათავო ოფისი კალიფორნიაში დარჩება.

3G Capital-ს ამ დრომდე არაერთი ბიზნესი უქცევია თავის სექტორში მოწინავე მოთამაშედ. მაგალითად, 2000-იან წლებში 3G-ის ბრაზილიელმა დამფუძნებლებმა, ბელგიელი ვან-დამების, დე სპოლბერხებისა და დე მევიუსების ოჯახებთან პარტნიორობით, Ambew და Interbrew გააერთიანა, შექმნა InBrev და მოგვიანებით კომპანიას Anheuser-Busch მიუერთა, რითაც AB InBrev მსოფლიოს უმსხვილესი ლუდსახარში გახდა.

3G ცნობილია თავისი მეთოდით, კომპანიები კონკურენტი ფირმების შესაძენად და სექტორის დომინირებისთვის გამოიყენოს, თუმცა Skechers-ის შემთხვევაში საინვესტიციო კომპანიასთან დაახლოებული პირები ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში 3G ჯგუფის შიდა გაფართოებაზე იზრუნებს.

2025 წლის I კვარტალში Skechers-მა $2.41 მილიარდის შემოსავალი მიიღო, თუმცა, გლობალური სავაჭრო პოლიტიკის ცვლილების გამო პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ბრენდის ფეხსაცმლის ძირითადი ნაწილი ჩინეთსა და ვიეტნამში იწარმოება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *