დღეს საქართველო დაღმასვლაშია… მისი გადარჩენისთვის ერთ-ერთი ბრძოლის ველი ეკონომიკაა – რესან ქიქავა

„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის რესან ქიქავას შეფასებით, დღეს საქართველო დაღმასვლაშია, თუმცა მისი გადარჩენისთვის ერთ-ერთი ბრძოლის ველი ეკონომიკაა, რომელსაც ბიზნესი თუ არ შეეშველა, ის მძიმე მდგომარეობაში გადავა, რაც მოქალაქეებზე აისახება. ასეთ განცხადებას ის დღეს საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯიაში“ სამშენებლო მასალების გამოფენის Caucasus Build-ის გახსნასთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

რესან ქიქავა წერს, რომ ქვეყნისთვის რთულ პერიოდში გამოფენის გამართვა მარტივი გადასაწყვეტი არ იყო, თუმცა ამ ღონისძიების ორგანიზება მნიშვნელოვნად მიაჩნია.

“დღეს ვხსნი სამშენებლო გამოფენას, რომელიც 30 წლის გახდა.

გუნდისთვის ურთულესი იყო ამ პროექტზე მუშაობა, გასაგები მიზეზების გამო.

გვქონდა შინაგანი წინააღმდეგობა.

რა დროს გამოფენაა? რისთვის ვაკეთებთ ამას?

ამ კითხვებით მივედით ექსპოს მისიამდეც – საქართველოს წინსვლაში წვლილის შეტანა, საქმიანი ურთიერთობის ხიდების შენების გზით.

დღეს საქართველო არის დაღმასვლაში. მაშინ რაში შეგვაქვს ჩვენი წვლილი?

როდესაც ემიგრაციიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, მთავარი მიზეზი, იყო ჩემი ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი. არ მინდოდა ჩემი ძალისხმევა “სხვისი სახლის” შენებაში გამელია. მინდოდა საკუთარი განვითარებული, სამართლიანი და წარმატებული “სახლი” მეშენებინა.

ასეთი სახლია დღეს საქართველო? ამაში შემაქვს დღეს ჩემი წვლილი?

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ისტორია არ არის განვითარების, წინსვლის და წარმატების ისტორია. ის ძირითადად ბრძოლის, შეუპოვრობის და გადარჩენის ისტორიაა.

ახლა სწორედ ამ ისტორიას ვწერთ. დღევანდელი მიზანი, არის საქართველოს გადარჩენა და მისი მტრის ხახიდან გამოხსნა.

და ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ბრძოლის ველი არსებობს.

ერთ-ერთი არის ეკონომიკა, რომელსაც ისევ ჩვენ თუ არ შევეშველეთ, რთული მდგომარეობიდან, გადავა მძიმეში, რაც მტერს არაფერს დააკლებს და დაარტყამს მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, დაარტყამს ჩვენს თანამებრძოლებს.

ამ ძალისხმევის გამოვლინება დაგხვდებათ ექსპოზე, სადაც ჩემმა უმაგრესმა გუნდმა რეკორდული რაოდენობის ქართულ კომპანიას მოუყარა თავი.

არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ვართ ჩვენ”, – წერს რესან ქიქავა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *