“ეკონომიკურად მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყნის ტურისტებისადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მიუღებელია” – ჯახუტაშვილი
“ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყნის ტურისტებისადმი აგდებული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ყოვლად მიუღებელია” – ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა “ანალიტიკას” ეთერში, გაერთიანების მიერ დღეს გავრცელებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
გაერთიანების განცხადების თანახმად, ყაზახები არასათანადო და შეურაცხმყოფელ ქცევას აწყდებიან სხვადასხვა სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველდღიური კონტაქტი უწევთ ადგილობრივებთან – კერძოდ, კვების ობიექტებში, საფინანსო დაწესებულებებში, სამარშრუტო ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პუნქტებზე მკვეთრად გაიზარდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები გაურკვეველი ან არაადეკვატური მიზეზით ვერ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას.
როგორც ჯახუტაშვილი აღნიშნავს, ყაზახი ტურისტები საქართველოში არასათანადო მოპყრობის შესახებ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ყაზახურ მედიაში, რასაც ქვეყნის მიმართ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვება. მისივე თქმით, ყაზახი ტურისტების მიმართ არასათანადო დამოკიდებულება თავს იჩენს როგორც მომსახურების სფეროში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში.
“ფიქსირდებოდა ჩვენი წევრი ორგანიზაციების მხრიდან მომართვიანობა, რომ ისინი საზღვარზე აწყდებოდნენ [არასათანადო მოპყრობის] შემთხვევებს, თუმცა ჩვენამდე არ მოდიოდა ის კერძო შემთხვევები, რომლებიც გადაადგილების, ტაქსის სერვისით სარგებლობის დროს ან სასტუმროებსა და სხვა დაწესებულებებში იჩენდა თავს.
ცხადია, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან, რათა ერთობლივად გადავჭრათ ეს გაუგებრობა, თუმცა ახლა ყაზახეთში დაწყებულია მედიაკამპანიაც, რომელშიც ბევრი ბლოგერია ჩართული და ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვება ასეთი ტიპის შემთხვევებს”, – ამბობს ჯახუტაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ასეთი სტატია საქართველოში ყაზახი ტურისტებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ ყაზახურ მედია Lada.kz-ზეა გამოქვეყნებული. მასალა, სათაურით “დეპორტაცია ახსნა-განმარტების გარეშე: ყაზახებს საქართველოს საზღვრიდან მასობრივად აბრუნებენ” – 7 აპრილსაა გამოქვეყნებული და იმ მოქალაქეთა კომენტარებს მოიცავს, რომლებიც თბილისის აეროპორტიდან ჩამოსვლისთანავე უკან გააბრუნეს. ტურისტები მედიასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ოფიციალური მიზეზები, რის გამოც მათ ქვეყანა დაატოვებინეს, არ არის დამაჯერებელი. ერთ-ერთი ბლოგერი ასევე აღნიშნავს, რომ სასაზღვრო ოფიცრის მიერ მისთვის ნათქვამი მიზეზი არ ემთხვევა ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულ მიზეზს: “მითხრეს, რომ არ მქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, თუმცა გამოწერილ დოკუმენტში აღნიშნეს, რომ თურმე საცხოვრებლად საკმარისი ფული არ მქონდა და არასწორი ინფორმაცია მივაწოდე. ამ დრომდე არ მესმის, რა მოხდა”.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პრობლემა როგორც საზღვარზე, ასევე კერძო სექტორში იჩენს თავს. ჯახუტაშვილის თქმით, გაერთიანების მიზანია, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებმა და სახელმწიფომ გაიზიარონ პასუხისმგებლობა და ტურისტებს, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, სათანადო პირობებით დახვდნენ.
“გვინდოდა, საზოგადოებისთვის მიგვეწვდინა ხმა და გვეთქვა, რომ უბრალოდ არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება უცხოელი ტურისტებისადმი. მაგალითად, ფიზიკურად რომ დადგეთ აეროპორტებში, ნახავთ, როგორ ექცევიან ტაქსის მძღოლები ტურისტებს – ყველა ქვეყანაში არის ასეთი პრაქტიკა სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ჩვენსას უნდა მივხედოთ, არ შეიძლება ტაქსისტი გამოსულ ტურისტს ავიწროებდეს. ბევრი ჩივილია საზღვარზე გამოკითხვის ფორმებთან დაკავშირებით; ცხადია, არის უსაფრთხოების საკითხები და პროტოკოლი, რომელსაც უნდა გაყვეს ოფიცერი, თუმცა დამოკიდებულებას და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს უკვე ხელისუფლების მოსაგვარებელია.
არ არის ეს მხოლოდ ყაზახებისკენ მიმართული, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც აწყდებიან ასეთ შემთხვევებს. ჩვენი ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სექტორი პრობლემად იქცა. ადამიანი თუ შემოდის, მას რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს, ან ბიზნესითაა დაინტერესებული, ან ვაჭრობით, ან ტურისტულად – არც ერთი სეგმენტი დასაკარგი არ გაქვს, და ყველა რგოლმა უნდა გაიაზროს ეს პრობლემა”, – განაცხადა ჯახუტაშვილმა.