“გლობალური პრობლემების ფონზე ჩვენი პრობლემები გაუფასურდა” – რამ დაასტაბილურა უძრავი ქონების ბაზარი

კომპანია RE/MAX Capital-ის დამფუძნებლის მარიამ ასათიანის შეფასებით, ამჟამად, უძრავი ქონების სექტორი საკმაოდ სტაბილურია და თებერვლიდან მოთხოვნის აღდგენაც შეიმჩნევა.

უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე მარიამ ასათიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა და დეკემბერ-იანვარში, პროევროპული პროტესტის ფონზე, ქვეყანაში უძრავი ქონების გაყიდვის შემცირების, შემდეგ კი ისევ აღდგენის თავისი ახსნაც შემოგვთავაზა.

– წინააღმდეგობრივი შეფასებები კეთდებოდა სხვადასხვა წყაროების და ექსპერტების მხრიდან და არა თუ მომხმარებელი, კომპანიებიც დაბნეულები იყვნენ, თუმცა რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, პულსზე გვიდევს ხელი და ვხედავთ, რომ ბაზარი საკმაოდ სტაბილურია; აღარაა ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რაც დეკემბერ-იანვარში, საპროტესტო გამოსვლების დ მღელვარების ფონზე იყო. მაშინდელი შოკი მყიდველის განწყობაზე ახდენდა გავლენას, რაც ამოიწურა და თებერვლიდან მოთხოვნის აღდგენას ვხედავთ.

– რამ დაამშვიდა უძრავი ქონების ბაზარი თუ უბრალოდ ბიზნესი და მომხმარებელიც ადაპტირდა?

– დიახ, ადაპტირდა, მაგრამ რის ფონზე?! – ჩემს პირად აზრს გეტყვით, რასაც ზოგადად, მოქალაქეების განწყობას ვუკავშირებ. დეკემბერ-იანვარი ძალიან პატარა პერიოდია იმისთვის, რომ მყიდველის მსყიდველუნარიანობა შეცვლილიყო დაა ფინანსებზე წვდომა გართულებოდა მომხმარებელს. უბრალოდ, იყო განწყობის საკითხი და მოქალაქეებს არ უნდოდათ გადაწყვეტილების მიღება – უძრავი ქონების შეძენა. რა მოხდა თებერვლიდან?! არ მგონია, რომ მათი დამოკიდებულება შეიცვალა ან გადაფასდა, რაც ქვეყანაში ხდება. უბრალოდ, ვფიქრობ, თებერვლიდან ისეთი რყევები ვნახეთ გლობალურ პოლიტიკაში და ისეთი პრობლემები გაუჩნდა მსოფლიოს, რომ ამის ფონზე ჩვენი პრობლემები გაუფასურდა. რაღაც შეჩვეული ჭირის სინდრომთან გვაქვს საქმე – თავიდან ფიქრობ, რომ ყველაფერი გემხობა თავზე და ასე ფიქრობდნენ ალბათ მყიდველებიც დეკემბერ-იანვარში. ეს მღელვარება თებერვალში ჩააქრო არა რაღაც პოზიტიურმა მოვლენამ, არამედ იმან, რომ მსოფლიოში ყველაფერი უფრო მძიმედ განვითარდა.

“წერტილთან” ინტერვიუში მარიამ ასათიანმა ვრცლად ისაუბრა როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და ტენდენციებზე.

ალა ვიდეო>

საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში ახალი საცხოვრებელი ქონება წლიურად 11.5%-ით გაძვირდა. უშუალოდ ბინები 10.9%-ით, ხოლო კერძო სახლები – 13.5%-ით. აღსანიშნავია, რომ როგორც ინფოგრაფიკზე ჩანს, 2020 წლის საშუალო ფასთან შედარებით, დედაქალაქში უძრავი ქონების ფასები თითქმის 58%-ით არის გაზრდილი.

ახალაშენებული უძრავი ქონების გაძვირების უმთავრესი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ე.წ. მიგრანტების ეფექტია, რომელმაც დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნად მკვეთრად გაზარდა.

რაც შეეხება ფასებს, საქსტატის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, ყველაზე მაღალი მთაწმინდასა და ვაკეში იყო. ფასებს ახლა ეკრანზეც ხედავთ – საქსტატში განმარტავენ, რომ მითითებული ფასი წარმოადგენს გასაყიდ, ე.წ. შეთავაზების ფასს და მონაცემები მიღებული აქვთ ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მედიანური ფასი არის ფასთა ვარიაციულi რიგის შუა წერტილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *