ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში “ქართული ოცნების” პირველმა ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში, ენდრიუ პიკს შეხვდა.
„თეთრ სახლში გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, მრავლისმეტყველი იყო აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია და რომელიც სრულადაა თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან და ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ძალიან მჭიდრო თანხვედრა პოზიციებზე, თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან ბევრი. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს”,- თქვა დავითაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ფორმალურად შეჩერდა.
„არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც პრაქტიკულად ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება,“ – თქვა დავითაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილმა გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.