მიზანი, იმპორტის ჩანაცვლებასთან ერთად ექსპორტია – “იბერკომპანის” ნუშის ბაღების განვითარების გეგმა

ნუშის სექტორში მთავარი გამოწვევა კადრების კომპეტენციაა – ამის შესახებ “იბერკომპანი ჰოლდინგის” CEO, ლევან დიასამიძემ BMGtv-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” ისაუბრა.

ის ამბობს, რომ ამის გამო, ესპანელი კონსულტანტების დაქირავება მოუწიათ და შედეგიც მიიღეს. კომპანიამ შეძლო და თავდაპირველ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდა.

მოსავლიანობა ამ ეტაპზე წლიური 370 ტონაა, საბოლოოდ კი “იბერკომპანი” 1 000 ტონამდე ასვლას გეგმავს.

“ნუშის ბაღები წითელი ხიდის მიმდებარედ, 157 ათასი ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. ბაღებში 90 ათასამდე ნუშის ხეა დარგული.

რაც შეეხება თავად ბიზნესს. საკმაოდ რთული სექტორია. ბევრისგან გამიგია, რომ დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ძირითადად, ეს კომპეტენციის ნაწილია. ამიტომ, ჩვენ წავედით იმ გზით, რომ ესპანელი კონსულტანტები გვყავს ჩართული, რომლების ჩანაცვლებაც დღემდე ვერ მოვახერხეთ, რასაც საკმაოდ დიდი გულისტკივილით ვამბობ.

ახლა, შედეგი გვაქვს ის, რომ დასაწყისში დაგეგმილ პარამეტრებზე გავედით. რაც გულისხმობს იმას, რომ 2024 წელი საოპერაციოდ მოგებიანი იყო. მივიღეთ 370 ტონამდე ნუში. ჯამში, 1 000 ტონამდე ასვლას ვგეგმავთ. დღეის მდგომარეობით, ჩვენ დაუმტვრეველ [ნაჭუჭიან] ნუშს ვყიდით, ფასი დაახლოებით 1.47 დოლარია. იმედი გვაქვს, რომ ეს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. მოთხოვნის ტენდენცია ძალიან პოზიტიურია.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრანტების მეშვეობით შეიქმნა გადამმუშავებელი საწარმოები და მოთხოვნა ადგილობრივი ბიზნესისგან საკმაოდ მაღალია. რეალიზაციის მომავალი სეზონისთვის დაკონტრაქტებას უკვე გვთხოვენ. ასეთი 4 მწარმოებელია.

ჩვენი მიზანია, იმპორტის ჩანაცვლებასთან ერთად, ქართული ნუში ექსპორტზე გავიდეს. ამ მიმართულებით ჩვენს აგურს უკვე ვდებთ”, – განაცხადა ლევან დიასამიძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *