აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას ავტომობილებზე დაწესებული ტარიფების შესამსუბუქებლად. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„პრეზიდენტი დღეს, მოგვიანებით გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას საავტომობილო ტარიფებზე და ჩვენ გამოვაქვეყნებთ მას, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ“, – განაცხადა ლევიტმა ხაზინის მდივან სკოტ ბესენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს ზომები შეამსუბუქებს ზოგიერთ საიმპორტო გადასახადს უცხოურ ნაწილებზე აშშ-ში წარმოებული მანქანებისთვის.
ზომები ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კომპანიებს, რომლებიც მანქანებისთვის იხდიან ტარიფებს, აღარ მოუწევთ სხვა მოსაკრებლის გადახდა, მაგალითად, ფოლადსა და ალუმინზე.
„ეს შეთანხმება პრეზიდენტის სავაჭრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან ის ახალისებს ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს და, ამავდროულად, სთავაზობს შესაძლებლობას იმ მწარმოებლებს, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, ინვესტიციები განახორციელონ ამერიკაში და გააფართოონ შიდა წარმოება“, – ნათქვამია ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებაში.
დონალდ ტრამპი დღეს, თავისი პრეზიდენტობის მე-100 დღეს მიჩიგანში მიემგზავრება, რომელიც ამერიკის ავტოწარმოების ცენტრად მიიჩნევა.
ამჟამად აშშ-ში ავტომანქანების, ასევე ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტრამპის მიერ დაწესებული 25%-იანი ტარიფი მოქმედებს.