კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვის ფარგლებში სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებას;
ბ) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვის წესის შესახებ;
გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვის ფარგლებში შესაბამისი ენის თარჯიმნის მონაწილეობას;
დ) უფასო იურიდიულ დახმარებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ეფექტიან წვდომას, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უკვე ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი, მის დაუბრკოლებელ დაშვებას;
ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შექმნას.
როგორც საკომიტეტო მოსმენისას ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც თავშესაფარი ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს.
ამასთან, როგორც დარახველიძემ განაცხადა, გაძევების პროცედურასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო და ესეც შეიცვლება.
„დღეს თავშესაფრის სისტემაში პირის დარეგისტრირებიდან მისი გაძევების პროცედურამდე, საკმაოდ გრძელი გზაა, რაც რეალურად ხელს უწყობს ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობის ზრდას და სახელმწიფოს უჩენს დამატებით ვალდებულებებს ამ პირების მიმართ. გარდა იმისა, რომ თავად მიგრაციის დეპარტამენტს უწევს საკითხის განხილვა, ასევე, გათვალისწინებულია განხილვა ორი ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად, განაცხადების რაოდენობით იტვირთება როგორც მიგრაციის დეპარტამენტი, ასევე, კიდევ უფრო მეტად სასამართლო. ეს იწვევს პროცესის გაჭიანურებას და ქვეყანაში ამ პირების რაოდენობის ზრდას“, – განაცხადა მან.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ ახალი კანონით ცალსახად იქნება გაწერილი, რომ თავშესაფრის მოთხოვნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამ უწყებაში. იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში და მას სურს თავშესაფარი, უნდა მიმართოს მხოლოდ მიგრაციის დეპარტამენტს. თუ ადამიანი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში – მხოლოდ ამ დაწესებულებას და თუ პირს სახელმწიფო საზღვარზევე სჭირდება თავშესაფარი, მაშინ უნდა მოითხოვოს სახელმწიფო საზღვარზე.
მისივე თქმით, შემოდის დასაშვებობის ეტაპი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ განაცხადმა ვერ გადალახა დასაშვებობის ეტაპი, ამ შემთხვევაში ის პირი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად და მალევე იქნება შესაძლებელი გაძევების პროცედურის დაწყება.
საკანონმდებლო ინიციატივით, ინერგება გადაწყვეტილების ჩაბარების ელექტრონული სისტემა, რაც გასაჩივრების ვადების კონტროლს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები.
მომხსენებლის ინფორმაციით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება. ასევე, განისაზღვრება სასჯელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა.მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაემატება. გამკაცრდება სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს დაარღვევს.
უხეში დათვლებით, საქართველოში 20-დან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია – ალექსანდრე დარახველიძე
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირეს.