“თბილისი ცენტრალის” ხელმძღვანელი ლევან ყარალაშვილი ამბობს, რომ დამწვარი ბაზრის ტერიტორია საქართველოს რკინიგზას ეკუთვნის, თუმცა უშუალოდ ოპერირებას კომპანია “ბაქანი” უწევს. როგორც მან “ანალიტიკაში” თქვა, კომპანიას დაზღვეული ჰქონდა ტერიტორია, თუმცა ზარალი მაინც დიდია.

“დაწყებულია გამოძიება და იმედია პასუხი გაეცემა ყველა კითხვას. ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა. ბაზრობის ფუნქციონირებას ბაზრის ოპერატორი კომპანია ახორციელებდა მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეული იყო ვფიქრობ, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება და იმედია გავერკვევით რა და როგორ მოხდა. თავად ტერიტორია საქართველოს რკინიგზის საკუთრებაა. ჩვენ გვქონდა ქვეიჯარა, ასევე ქვეიჯარით ოპერატორი ათი წელია “ბაქანი” იყო. კომპანია სრულად უზრუნველყოფდა იქ შესაბამისი ტექნიკური თუ სხვა ტიპის პარამეტრის დაცვას. მას აქვს პასუხისმგებლობა ჩვენს მიმართაც, სამწუხაროა რაც მოხდა. შეგახსენებთ, 2017 წელს მომხდარ ფაქტსაც, როცა “ბავშვთა სამყარო” დაიწვა და ახლა ამ ტერიტორიაზე თავი ჰქონდა შეფარებული მათ შორის იმ ადამიანებსაც. ახლა ისინი ორმაგად დაზარალებულები არიან”, – ამბობს ყარალაშვილი.

ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის გამო, ტერიტორიის მიმდებარე კლინიკების ნაწილიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.

საკადასტრო ამონაწერის თანახმად, ვაგზლის ინფრასტრუქტურა 8,200 კვადრატული მეტრის ფართობით წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის საკუთრებას. თავად საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ ვაგზლიდან სამგზავრო გადაყვანებს არ ახორციელებდნენ.

საჯარო რეესტრის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება საქართველოს რკინიგზას 2006 წლიდან გაცემული აქვს გრძელვადიანი – 49 წლიანი იჯარით კომპანია თბილისი ცენტრალზე, რომელიც თბილისის ცენტრალურ სადგურსაც მართავს. კომპანიის დამფუძნებელი და მესაკუთრე GRDC Holding-ია. თავის მხრივ თბილისი ცენტრალს აღნიშნული უძრავი ქონებიდან 2 066 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება გაცემული აქვს იჯარით კომპანია “ბაქანზე”, რომელსაც თავის მხრივ ეს ქონება წვრილ მოვაჭრეებზე აქვს იჯარით გაცემული. ბიზნესს რეესტრის თანახმად, “ბაქანის” დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელია თორნიკე წერეთელი. კომპანიის აქციონერები ასევე არიან ხათუნა გიგოლაშვილი და სიმონი გველესიანი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *