საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) ბაზრის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
სააგენტოს თანახმად, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიცაა ქეშბექი, ქსელში/ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, თარო, მარკეტინგი და ა.შ.
საცალო ფასზე ზემოქმედების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება ქეშბექზეა გამახვილებული, რომლის დინამიკაც მზარდია პროდუქტების უმეტესობაზე.
“სიდიდის გათვალისწინებით, საცალო ფასზე ყველაზე მეტად ქეშბექი მოქმედებს, რომელსაც დისტრიბუტორი მიწოდებული პროდუქციის ფასიდან იხდის, შესაბამისი პროცენტული ოდენობით. პროდუქტების უმრავლესობაზე ქეშბექის დინამიკა მზარდია (მაგალითად – წყალი 0.5 ლიტრის შემთხვევაში 22%-დან 33%-მდე, კვერცხი 10ც. 20%-დან 24%-მდე, მზესუმზირის ზეთი 1 ლიტრი 8%-დან 15%-მდე, კარაქი 200გ (82%) 25%-დან 34%-მდე, რძე (1ლ) და მაწონი (400 გრ) 14%-დან 25%-მდე.
GCCA-ის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ქეშბექის დიაპაზონი მსგავს პროდუქტებზე ცვალებადია, დისტრიბუტორების და რითეილის დონეზე, საბოლოო ჯამში, პროდუქტი საცალო დონეზე, მეტ-ნაკლებად, იდენტურ ფასად იყიდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც რითეილში შედარებით დაბალი ქეშბექი ფიქსირდება – მაღალია უშუალოდ რითეილის შემდგომი ფასნამატი და პირიქით, იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალია ქეშბექი, დაბალია რითეილის ფასნამატი, რაც შედეგობრივად განაპირობებს იდენტურ პროდუქტზე მსგავს ფასებს სხვადასხვა ქსელის შემთხვევაში”,- აღნიშნულია შუალედურ ანგარიშში.
GCCA-ის ინფორმაციით, 2024 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონის მოცულობამ 12 792 211 332 ლარი (დღგ-ს გარეშე) შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (11 983 346 244 ლარი) 6.75%-ით აღემატება.
GCCA-ის შეფასებით, 2024 წელს, ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია, კონცენტრაციის ინდექსმა 706 ერთეული შეადგინა, რაც მცირედით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს – 397 ერთეული. ბაზრის საცალო დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.
“2024 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, 3 მსხვილი კომპანიის საერთო ბაზრის წილი 31.9%-ს (29.9%-2023 წ.), 5 მსხვილი კომპანიის წილი 44.2%-ს (40.6%-2023 წ.), 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 55.5%-ია (50.1%-2023 წ.), ხოლო ორგანიზებული ბაზრის საერთო წილმა 58.4% შეადგინა.
ბოლო წლებში, ბაზარზე ფიქსირდება როგორც ქსელების გაერთიანების და გამსხვილების შემთხვევები, ასევე ბაზარზე ჩნდებიან ახალი მოთამაშეები. სწრაფი განვითარება შესამჩნევია რეგიონებში. ორგანიზებული ბაზრის წილი დინამიკურად მზარდია”,- აღნიშნავენ სააგენტოში.
ცნობისთვის, ბაზრის მოცულობის, მოქმედი კომპანიების და მათი საბაზრო წილის იდენტიფიცირება მოხდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის, კერძოდ დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციების და რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატების ბრუნვების გათვალისწინებით. ბაზრის მოცულობა არ მოიცავს საცალო აფთიაქების მეშვეობით რეალიზებულ შესაბამის პროდუქციას.