“ოცნების” ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მტკიცებით, Emaar/Eagle Hills-ის პროექტი, რომელიც კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება, გარემოს დამცველებთან მჭიდრო თანამშრომლობით შესრულდება. ამის შესახებ დავითაშვილმა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ Eagle Hills-მა მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ფონიჭალაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე. ტერიტორია მოიცავს იმ მიწასაც, რომელსაც ამჟამად კრწანისის ტყე-პარკი ეწოდება. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მის განმკარგავად სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო არის მითითებული, თუმცა მას დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ვერ შეაფერხებს. Eagle Hills-ის პროექტის კრწანისის ტყე-პარკში, რეკრეაციულ ზონაში განხორციელების შესახებ ინფორმაციას, გარემოს დამცველების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სხვადასხვა ორგანიზაციაში აღნიშნავდნენ, რომ, თუკი რეკრეაციულ ზონაში მშენებლობა მართლა დაიწყება, ამით ქვეყანა იმ ბიომრავალფეროვან კუნძულს გაანადგურებს, რომლის შექმნისთვისაც ბოლო წლებში მილიონობით ლარი დაიხარჯა.

ეს პროექტი გარემოს დამცველებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება, მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტროსთან. იცით, რომ ეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატის პროექტია, სადაც სახელმწიფო იქნება თანამონაწილე პროექტის განხორციელების პროცესში და ასევე აქტიურად იქნება ჩართული გარემოს დაცვის სამინისტრო იმისთვის, რომ ჭალის ტყის ეკოსისტემა იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული. ძალიან მნიშვნელოვანი დანახარჯებია საჭირო იმისთვის, რომ ამ ეკოსისტემის მდგრადობა შევინარჩუნოთ.

როდესაც კრწანისის ტყე-პარკი ჩავიბარეთ, სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაში იყო, ფაქტობრივად გაჩეხილი, განადგურებული, ხელოვნური ტბები დამშრალი. შემდგომ იქ ბევრი რამ გაკეთდა, მოხდა სანიტარიული ჭრები, ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, შემოიღობა ტერიტორიის დიდი ნაწილი, ველური ბუნების სააგენტო ჩამოყალიბდა და დაიწყო იშვიათი სახეობების გამრავლებაზე მუშაობა – ეს ნაწილი შენარჩუნებულია, ინვესტორი დაინტერესებულია, რომ ეს უნიკალური ეკოსისტემა გამოადგეს პროექტს და ხელშეუხებელი იყოს და, მეორე მხრივ, მივიღოთ ხარისხიანი განვითარება ბუნებასთან ჰარმონიაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის განმარტებით, 600-მდე ჰექტარ ტერიტორიაზე სამშენებლოდ 400 ჰა ფართობის ტერიტორია გამოიყენება, რომელიც წარსულში წიაღისეული სამუშაოების არეალი იყო და დღეს მცენარეული საფარის გარეშეა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *