ქვეყნების ბიზნესწრეების პარტნიორობით ესპანეთი-საქართველოს ბიზნეს ალიანსი შეიქმნა – მიზნები და გეგმები
ახლად შექმნილი ესპანეთი-საქართველოს ბიზნეს ალიანსი [SGBA] 8 მაისს მადრიდში პროექტს წარადგენს, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება და გაძლიერება იქნება.
საქმე ის არის, რომ ბიზნესმენ ვასილ ბაბლუანისა და მისი ესპანელი პარტნიორების თანამშრომლობით 2025 წლის დასაწყისში შექმნილი ესპანეთი-საქართველოს ბიზნეს საბჭო თავის მიზნებისა და გეგმების შესრულებას ესპანეთიდან იწყებს. ახალი გაერთიანების შესახებ მისმა დამფუძნებელმა დეტალურად BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. ვასილ ბაბლუანის ინფორმაციით, მის მიერ შექმნილი ესპანურ-ქართული სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მისი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2013 წლიდან საქართველო-ესპანეთის ეკონომიკური ურთირთობების განვითარებასა და ბიზნეს კავშირების ფორმირებაზე მუშაობს, საბოლოო სახით ალიანსის სახით ფორმირდა. ახალი გაერთიანების მთავარი მისია საქართველოდან ესპანეთში, ხოლო შემდეგ ლათინური ამერიკის ქვეყნებში ხიდების გადებაა, რომელიც ბიზნესს ურთიერთობას და პარტნიორობას გაუმარტივებს.
„დღეს გლობალურმა ბიზნეს ცვლილებებმა უფრო მასშტაბური და უფრო მარტივი საურთიერთო გაერთიანების საჭიროება მოიტანა. ამ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას დამატებული ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპელ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად მივედით იმ აზრამდე, რომ საჭირო იყო საერთაშორისო ბიზნესის გაერთიანების მარტივი პლატფორმა, სადაც ურთიერთობა და ბიზნესმედიაცია მარტივი იქნებოდა.
ჩვენი გადმოსახედიდან ბიზნეს პალატების პრაქტიკა საკმაოდ ბიუროკრატიულია. ბიზნეს ალიანსი ემსახურება იმას, რომ ჩვენს გაერთიანებაში იყვნენ კომპანიები, რომლებსაც უცხო ბაზარზე ურთიერთობა გაუმარტივდებათ.
ეს სიმარტივე პირველ რიგში იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენთან წევრობა არ არის მაღალ გადასახადთან დაკავშირებული. ჩვენს პარტნიორებს არ ვთავაზობთ მომზადებულ მენიუს და საჭიროებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შევუდგინოთ მისი შემდგომი ნაბიჯების მარტივი საურთიერთო გზები. ყველაზე მთავარი რაც არის, ჩვენს ალიანსში გაერთიანებულები არიან, საერთაშორისო კომპანიების გამოცდილი კომპანიები, CEO-ები, რომლებიც ამ პროექტის განვითარებაში იღებენ მონაწილეობას“, – განმარტავს ვასილ ბაბლუანი.
ბიზნესკონსულტანტი მიიჩნევს, რომ გლობალურად სავაჭრო ურთიერთობების გადალაგების პირობებში საქართველომ გეოპოლიტიკური მდებარეობა უნდა გამოიყენოს და ამაში ალიანსი აქტიურად ჩაერთვება.
„დღეს არსებული ბიზნესგადალაგებებმა ცხადყო, რომ შუა დერეფნის – აბრეშუმის გზის პროექტი უფრო აქტუალური ხდება და ევროპული ქვეყნებისთვის ეს ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, დღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობა დაიბრუნოს ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბის ფუნქცია. აღმოჩნდა, რომ დღეს გრძელვადიანი მეგობარი არავის ჰყავს, მით უმეტეს ბიზნესში და დღეს საერთაშორისო ბიზნესისთვის გარანტიაა ალტერნატიული გზები. ყველა ალტერნატივაში საუკეთესო საქართველოს გზაა, რომ ეს ხიდები გაიდოს“, – აღნიშნა მან.
#რედაქტ2-ის კითხვაზე – რამდენად აქვს შესაძლებლობა საქართველოს რომ გლობალურ გამოწვევებს უპასუხოს, ვასილ ბაბლუანი ასე პასუხობს: „დიახ, საქართველოში ბევრი რამ მოსაწესრიგებელია. მე ბიზნესის ენით ვსაუბრობ, ეს არის ძალიან კარგი შანსი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ყველა კრიზისის დროს ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ეს არეული მდგომარეობა მონახავს თავის კალაპოტს და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ კალაპოტმა საქართველოში გაიაროს.
დღეს არსებულმა გლობალურმა მდგომარეობამ დაგვარწმუნა, რომ ძლიერი ეკონომიკა ყველაზე დიდ როლს თამაშობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.
საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებს ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ იმაზე რომ მივაბათ ლათინურ ქვეყნებთან კომუნიკაცია. 2023 წელს ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო, როდესაც გაკეთდა უპრეცენდენტო პროექტი – ეკონომიკური ხიდები ლათინურ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის, რა დროსაც ათობით მილიონობით ინვესტიცია შემოიტანეს ევროკავშირში. ამ სავაჭრო გაერთიანებასთან პირდაპირ კონტაქტზე ვართ და გვინდა, ჩვენი პროექტიც დაუკავშირდეს. აქედან გამომდინარე, როგორც ბიზნესი ვემზადებით, რომ ამ როლს სწორი კალაპოტი მივცეთ“, – ამბობს ბაბლუანი.
ესპანეთი-საქართველოს ბიზნეს ალიანსის პირველი წარდგენა 8 მაისს მადრიდში გაიმართება, რომელსაც მსხვილი კომპანიები და ბიზნესსაზოგადოება დაესწრება.
„დღეისთვის ალიანსში შექმნილია მადრიდის საბჭო, რომელიც ესპანეთში მოქმედ ტურიზმში, ლოგისტიკური, იურიდიული, ფინანსური კომპანიების ხელმძღვანელებს აერთიანებს. პროექტის წარდგენის ძირითადი მიზანი ხიდების აღდგენა და ახალი ხიდების აშენებაა. ერთ-ერთი დიდი ბურჯი მადრიდია, რადგან ის დღეს ევროკავშირში ბიზნესის ერთ-ერთი ჰაბია. ის სწორი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება მადრიდის მსგავსი ბურჯი შევქმნათ თბილისში. ჩვენ ამის გამოცდილება და კონტაქტები გვაქვს.
8 მაისს მადრიდში წარსადგენი პროექტი მოიცავს იმას თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენ წარმომადგენლობები გვექნება საერთაშორისო ბიზნესების სწორი კომუნიკაცია და როგორ უნდა ასცდნენ ისინი ბიუროკრატიას.
ალიანსის ძირითადი წარმომადგენლობები მადრიდსა და თბილისში იქნება. გარდა ამისა, ვმუშაობთ ევროპულ და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, რომელთაგანაც ინტერესი არის ევროკავშირის და აზიის მიმართულებით, და პირიქით თბილისიდან ნებისმიერ კომპანიას ვეპატიჟებით მადრიდში და ევროკავშირის ქვეყნებში ინვესტიციების გასაკეთებლად.
ჩვენ უნდა გავამარტივოთ კომუნიკაციები. თუ ათი წლის წინ საქართველოში ინვესტორის შემოყვანა არ იცოდა, რადგან საქართველოს შესახებ არ იცოდნენ, დღეს საქართველო სხვა ადგილას დგას და სამუშაო იმაზე როგორ მივიღოთ ბიზნესი.
დღემდე თუ საქართველოში ინვესტირებისთვის ვეპატიჯებოდი, მცირე ბაზარის დაბრკოლება იყო, დღეს ვეუბნებით, რომ თუ კომპანიებს შუა აზია აინტერესებს, მათ შეუძლიათ წარმომადგენლობები ჰქონდეთ და აქედან იმუშაონ აზიის ქვეყნების მიმართულებით“, – განმარტა ვასილ ბაბლუანმა.