ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჭიათურაში შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იქ დასაქმებულებისა და მცხოვრებლების კანონიერი ინტერესები დაცული უნდა იყოს, ამასთან, მისი თქმით, ანგარიშგასაწვია ბიზნეს ინტერესიც, რომელსაც დღეისთვის გარკვეული სირთულეები აქვს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ჭიათურაში მაღაროელები 63-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ, მანგანუმის მოპოვების ნაციონალიზაციას და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. დღეს, 1 მაისს ჭიათურაში მორიგი მასშტაბური აქცია იმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები, ქალაქში „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის ჩასვლას ითხოვენ, რათა მას შუამავლების გარეშე თავისი პრობლემები გააცნონ. თითქმის ორთვიანი პროტესტის შემდეგ, დღეისთვის პროტესტის მონაწილე 9 ადამიანი შიმშილობს, მათგან 2 კი დაკავებულია.

“ჩემთვის პირადად საკითხი დგას ამგვარად – ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები, მომუშავე ადამიანების კანონიერი ინტერესის და უფლებების დაცვა. ეს უნდა განხორციელდეს. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის ისეთი რამ, როდესაც საერთოდ ანგარიში არ უნდა გაუწიო ბიზნეს მოდელების და ბიზნესის ინტერესებს, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ლეგიტიმური. ბიზნესი, რომელიც გახლავთ დამსაქმებელი ორგანიზაცია, აქვს საკმაოდ დიდი სირთულეები. მენეჯმენტის მოდელთან დაკავშირებით. ბევრი მიმართულებით არსებობს სირთულეები, რომლის გადაჭრითაც ყველანი ვართ დაინტერესებული, რადგან ამის გარეშე დამსაქმებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა იქნება უაღრესად გართულებული. აქედან გამომდინარე, ჩემი მიდგომა ასეთი გახლავთ – მთავარი ამოცანა, ეს გახლავთ თვითონ დასაქმებულების ინტერესების დაცვა, მაგრამ ასეთ დროს, უაღრესად აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული საჭიროებები, რომელიც აქვს კომერციულ სტრუქტურებს, რომლებიც არიან დამსაქმებლები. ამიტომ, სამმხრივი ფორმატი მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რელევანტურია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ წარმატებული იყო მათ შორის ის სხდომა, რომელიც გაიმართა.

რატომ იყო წარმატებული? – იმიტომ, რომ საკითხის სწორედ ამგვარად დასმის შესაძლებლობა გაჩნდა. მინდა აღვნიშნო, რომ აქაც ნუ შეეცდებით, რომ ვითარება წარმოსახოთ როგორც ჩიხი“, – განაცხადა “ოცნების” მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა და დაამატა, რომ ამ დროისათვის ჩიხიდან გამოსავალი უკვე ჩანს. უფრო კონკრეტულად, კომპანიას კონკრეტული ხედვა აქვს, რის მიხედვითაც განისაზღვრება თუ როგორ უნდა დასაქმდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მაღაროებში დასაქმებულები იყვნენ, რაც მისი აზრით, დამაჯერებელია. მისივე თქმით, როგორც ადრე იყო, პროცესები ასე ვერ გაგრძელდება.

BM.GE-ის კითხვაზე – რთულია თუ არა მაღაროელებთან დალაპარაკება, მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა, რომ მინისტრთან უშუალო შეხვედრა, პრობლემას ვერ გადაჭრის და აღნიშნული ფაქტის გადასაჭრელად, მონაცემების დამუშავება და რეალური მუშაობაა საჭირო.

„მე ნამდვილად არ მახასიათებს აგორაფობია, მაგრამ რაშია იცით საქმე? საკითხის წარმოჩენას არასწორად ცდილობთ. თქვენ თუ ხედავთ შესაძლებლობას მინისტრის უშუალო შეხვედრის და ჩართულობის შემთხვევაში საკითხის და ასე გადაჭრის პირობას, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ცდებით. მე მგონია, რომ ამას სხვაგვარად სჭირდება მონაცემების დამუშავება, რეალურად მუშაობა სჭირდება და არა რაღაც საჩვენებელი შეხვედრების გამართვა. რეალურად, არაერთი შეხვედრა გამართულა და ჩატარებულა, რომ იქიდან გამოსავალი ნაპოვნი იყოს და ჩიხის მოწყობის შესაძლებლობა არ მიეცეთ“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე “ოცნების” მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილს ჭიათურაში, საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა. უწყების ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორის თენგიზ კობერიძესთან დაპირისპირების გამო, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით, მათ თავისუფლების 6 წლის ვადით აღკვეთა ემუქრებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *