სადაზღვევო სექტორი წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო 5 წელში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის პორტფელი თითქმის გაორმაგდა, სადაზღვევო საქმიანობიდან მოზიდულმა პრემიამ 2023 წელს პირველად გადააჭარბა მილიარდს, ხოლო გასული წლის მონაცემებით სექტორი კიდევ 18%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 259 მლნ ლარი შეადგინა.
ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევას კერძო მზღვეველები ერთ-ერთ იმ მიმართულებად განიხილავენ, რამაც ბაზრის ზრდა მნიშვნელოვნად უნდა დააჩქაროს. ალდაგის გენერალური დირექტორი მოელის, რომ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის ამოქმედებით სადაზღვევო ბაზარი დამატებით 20-25%-ით გაიზრდება.
“ბოლო 3 წელია ბაზარი ინტენსიურად იზრდება, საცალო გაყიდვებში განსაკუთრებით, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების ზრდა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ინფლაცია. ჩვენ ძალიან დიდი ინფლაციური მაჩვენებლები გვაქვს სერვისის მიწოდებაში, როგორიც არის ავტომობილების შეკეთება, ჯანმრთელობის სერვისები, რაც დიდი პროცენტია ფასების ზრდის და მოქმედებს ტარიფიკაციაზე.
პირველ რიგში მისაღები გვაქვს ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის კანონი, რომელიც წარდგენილია უკვე საბოლოო რედაქციით და იმედი მაქვს, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი განიხილავს და მომავალი წლიდან შევა ძალაში, რაც შეუწყობს ხელს ბაზრის ზრდას. საშუალოდ ველოდებით 20-25%-ით ბაზრის ზრდას”,- აცხადებს bm.ge-სთან გიორგი ბარათაშვილი.
დღეის მდგომარეობით ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. სექტორმა გასულ წელი ზრდით დაასრულა და 1 მლრდ 259 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, 195 მილიონით მეტი ვიდრე შარშან. ამავე პერიოდში სექტორმა 127 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წლიურად 71%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სექტორს დადებითი მოლოდინები აქვს მიმდინარე წელთან დაკავშირებითაც.