დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის, დავით ონოფრიშვილი ინფორმაციით, 2024 წელს სადაზღვევო სექტორის ზრდამ 18% შეადგინა, ბოლო ხუთ წელიწადში კი მოზიდული პრემია გაორმაგდა – ამის შესახებ ონოფრიშვილმა დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მედიასთან ისაუბრა.

“2 მაისი დაზღვევის დღე გახლავთ, ტრადიციად გვექცა და მეოთხედ ვზეიმობთ. ფაქტია, რომ საზოგადოებისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში არიან ჩართულები, დღე უკვე იქცა დღესასწაულად. დღეს სადაზღვევო კომპანიებისა და საზოგადოების წინაშე 2024 წლის ანგარიშით წარვდგებით.

საკმაოდ კარგი წელი იყო, ზრდა იყო 18%, ბოლო ხუთ წელიწადში კი სადაზღვევო პრემია გაორმაგდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 წლის ტენდენციით, ყოველ 5 წელიწადში ფაქტობრივად ორმაგდება სადაზღვევო პრემია. ზრდა კარგია და პოტენციალიც საკმაოდ დიდია”, – აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, სექტორი აქტიურად მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ცნობიერების ამაღლებაზე მუშობს, რაც წარმატებით მიმდინარეობს და სამომავლოდ დაზღვეულთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის უფლებების დაცვა და მათი გაცნობიერება იმაში, თუ რა არის სადაზღვევო პროდუქტი, რატომ უნდა შეიძინონ ის და ა.შ. ეს პროცესი ბოლო წლებში საკმაოდ კარგად მიდის, მოთხოვნაც მეტია. მაგალითად, გავაუმჯობესეთ სამოგზაურო დაზღვევა და ჩვენი მოქალაქეები უფრო დაცულები არიან, როდესაც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან. იგივე მანქანის დაზღვევა, ქონების, სიცოცხლის… ეს ყველაფერი განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ ცნობილია, იქ ყველაფერს აზღვევენ, ჩვენთან კი, მოხარული ვარ, რომ სექტორი მზარდია. მხოლოდ ჯანდაცვაში ნახევარი მილიონი ადამიანია ჩართული და, ვფიქრობთ, ეს რიცხვიც უფრო გაიზრდება”, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სექტორისთვის 2024 წელი გამორჩეული იყო საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობითა და საზღვარგარეთ რეპუტაციის განმტკიცების მიმართულებითაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *