ზვიად სხვიტარიძის თქმით, შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ აქვს ინტერესი, დაალაგოს ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუმცა „უკან და და უკან მიდის“.
„მე-100 დღე ახლოვდება ტრამპის ინაუგურაციიდან და სამწუხაროდ, მსგავსი სიგნალები არ შეინიშნება“ – ამბობს ის და თავისი შეფასების გასამყარებლად აშშ-ის მხრიდან ლევან დავითაშვილის თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტების შესახებ ინფორმაციის არგავრცელება მოჰყავს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზების თანახმად, „ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერი თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა, ხოლო სახდეპში – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს.
„ის ფაქტი, რომ არც ენდრიუ პიკთან და არც ჯოშუა ჰაკთან შეხვედრები არ ასახულა აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო დონეზე – ვგულისხმობ პრესრელიზის ან ფოტომასალის გავრცელებას, ან თუნდაც სახელმწიფო პირის მხრიდან განცხადებას, იმაზე მიანიშნებს, რომ [ლევან დავითაშვილის] შეხვედრა იყო დახურული და ისიც დიდი ალბათობით შეეხებოდა იმ კრიზისულ მდგომარეობას, რაც დღეს ორ ქვეყანას შორის არსებობს; ასეთ სიტუაციაში შეხვედრების დროს არც პროტოკოლური ფოტო ვრცელდება და არც რაიმე სახის ინფორმაცია“, – აცხადებს ზვიად სხვიტარიძე.
მისივე აზრით, „თუ რამენაირად შეიძლება, საქართველო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის რადარზე მოხვდეს, მხოლოდ და მხოლოდ ანაკლიის პორტის თემით” .
„შეიძლება, „ოცნების“ მთავრობისთვის აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში ანაკლიის პორტი პროექტი ვაჭრობის საგანი გახდეს?“ – ჰკითხა „წერტილის“ წამყვანმა ზვიად სხვიტარიძეს, რადგან კარგადაა ცნობილი, ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ჩინეთთან, რომელიც შესაძლოა, ანაკლიის პორტის ინვესტორი გახდეს ჩინური კონსორციუმის CCCC-ის სახით.
„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი აშშ-საქართველოს ურთიერთობების კუთხით, ჩინური გავლენების ნაწილში. შავი ზღვის ინტერესი აშშ-ის ყოველთვის ჰქონდა რეგიონში და განსაკუთრებით ახლა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ეს ცალსახაა“, – ამბობს ექსპერტი, თუმცა ზვიად სხვიტარიძეს ეჭვი ეპარება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც დასავლეთში ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას მოახერხებს.
ცნობისთვის: BMG-სთან თავად ლევან დავითაშვილმაც დაადასტურა, რომ მისი აშშ-ში ვიზიტი IMF-ის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა, რომლის დროსაც მან თეთრ სახლსა და სახდეპშიც გამართა შეხვედრები.