აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის (PBS) და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს (NPR) ფედერალური დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. ტრამპის მტკიცებით, ორივე მედიაორგანიზაცია “მიკერძოებულ საინფორმაციო გაშუქებაშია” ჩართული — ამის შესახებ Guardian გვატყობინებს. ბრძანების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის საბჭომ, რომელიც PBS-სა და NPR-ს დაფინანსებას ანაწილებს, კანონით დაშვებული მაქსიმალური ფარგლებში უნდა შეწყვიტოს მათი მხარდაჭერა. NPR და PBS მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება ფედერალური ბიუჯეტიდან და დიდწილად კერძო შემოწირულებებზეა დამოკიდებული. ტრამპს დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვს აღნიშნულ მედიებთან — წარსულში მათ “ხალხის მტრებიც” უწოდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ “მიუხედავად მათი სარედაქციო პოზიციებისა, მნიშვნელოვანია, რომ ვერც ერთი ეს ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს მიმდინარე მოვლენების სამართლიან, ზუსტ და მიუკერძოებელ გაშუქებას გადასახადის გადამხდელებისთვის”. თეთრი სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსგავსი დაფინანსება მოძველებულია, არადამაკმაყოფილებელი და საფრთხეს უქმნის ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას, მით უფრო, როდესაც მედია ლანდშაფტი გაცილებით მრავალფეროვანი გახდა. “NPR და PBS იღებენ ბიუჯეტურ სახსრებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის (CPB) მეშვეობით, შესაბამისად, ვავალებ CPB-ის დირექტორთა საბჭოსა და ყველა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურას, შეწყვიტონ ფედერალური დაფინანსება ამ ორ მედიაორგანიზაციასთან მიმართებით,” — აღნიშნულია ტრამპის ბრძანებაში. NPR-ს ყოველ კვირას 40 მილიონზე მეტი ამერიკელი უსმენს, ხოლო PBS-ის ტელეგადაცემებს ყოველთვიურად დაახლოებით 36 მილიონი ადამიანი უყურებს. NPR-ის დირექტორმა კეტრინ მაჰერმა მარტში განაცხადა, რომ 2025 წელს ორგანიზაცია CPB-გან დაახლოებით 120 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც მის ბიუჯეტში 5%-ზე ნაკლებია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *