“ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაუქმება ორ დარგს გააჩერებს” – მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა მეპურეთა მოთხოვნას გაითვალისწინებს და ფქვილზე საიმპორტო გადასახადს გადახედავს ან გააუქმებს, ეს მემარცვლე ფერმერებისა და წისქვილების დარგს გააჩერებს – ამის შესახებ ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ბენიანიძემ, “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.

მეპურეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გადახედვას სთხოვენ

როგორც მან განმარტა, 2023 წელს ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესების შემდეგ, ადგილობრივი წარმოების ფქვილის ფასი 53 ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც სამივე მხარისთვის – ფერმერისთვის, წისქვილისა და მეპურისთვის – მოგებიანი უნდა ყოფილიყო, მოსაკრებლის მოხსნა კი დანარჩენ ორ სფეროს არაკონკურენტულ გარემოში ჩააყენებს.

“2022 წელს, როცა ფქვილის ფასი 80 ლარამდე ავიდა, პურის ფასმა აიწია. შემდეგ 38 ლარად შემოსული ფქვილი იყიდებოდა, მაგრამ პური არ გაიაფდა, მხოლოდ 10 თეთრით დაიკლო ფასმა. [ფქვილზე იმპორტის გადასახადის] დაწესების შემდეგ, ნელ-ნელა წამოიწია და 53 ლარად შეიძლებოდა ფასის შენარჩუნება, წისქვილი მუშაობდა და ფერმერი მარცვლეულს ყიდდა – ეს იყო სამი მხარის შეთანხმება.

თვე-ნახევრის წინ პურზე ფასს ისევ მოუმატეს, რადგან ფქვილის ფასი რეალურად ასცდა 53 ლარს, მაგრამ დღეს ეს არგუმენტი ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა მგონია. თუ ეს გადასახადი მოიხსნა, ეს ორი დარგის გაჩერებას გამოიწვევს. წისქვილი ვეღარ იმუშავებს, რადგან არაკონკურენტულ გარემოში ჩავარდება: როდესაც რუსეთიდან ფქვილი შემოდის, მოსაკრებელი მოხსნილია, ხორბლის შემოსვლის შემთხვევაში კი გარკვეული თანხაა გადასახდელი; ფერმერზეც აისახება, რადგან მოთხოვნაც შემცირდება და [ექსპორტზე] გატანის შესაძლებლობაც არ არის, ნათესების ფართობი 30%-ით შემცირდა შარშან”, – ამბობს ბენიანიძე.

როგორც ბენიანიძე განმარტავს, ფერმერები და წისქვილები ხორბლის მარაგებს აკეთებენ, მეპურეებს კი მხოლოდ 2-3 დღის მარაგი აქვთ, ამიტომ სახელმწიფომ ადგილობრივ წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი, სასურსათო უსაფრთხოების მიზნით.

“ფერმერი მთელი წელი ინახავს მოსავალს, როცა გვჭირდება ქვეყანაში, პერიოდულად მოთხოვნა რჩება, ეს მარაგიც მცირეა, მაგრამ ფერმერი ეხმარება წისქვილსაც და მეცხოველე-მეფრინველესაც, რომ შეისყიდოს სურსათი…

…წისქვილებსაც თავისი მარაგი აქვთ, საცხობს მხოლოდ 2-3 დღის მარაგი აქვთ. წარმოიდგინეთ, ფერმერობა და მეწისქვილეობა რომ ჩამოვშალოთ და მთლიანად რუსულ ფქვილზე დამოკიდებული გავხადოთ ქვეყანა… ფაქტობრივად ამას ითხოვენ. თუ იმპორტის გადასახადი მოიხსნა, ორივე დარგი გაჩერდა, სასურსათო უსაფრთხოების გარანტიას ვინ აიღებს თავის თავზე?” – ამბობს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ბენიანიძე აღნიშნავს, რომ დაწესებული გადასახადი სამივე მხარისთვის მოგებიანი უნდა იყოს, რადგან მის დაწესებამდე სარგებელს მხოლოდ მეპურეები ნახულობდნენ. პურის მწარმოებელთა მოსაზრებას, რომ რუსული ფქვილი უფრო ხარისხიანია, ვიდრე ადგილობრივი წარმოების, არც ბენიანიძე ეთანხმება და ამბობს, რომ ყველა ქვეყანაშია როგორც სასურსათო ხარისხის, ასევე საფურაჟე ხორბალი და დღეს ამ ორის შეფარდება ქვეყანაში, დაახლოებით, 50/50-ზეა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *