[“პეპსიკოს” ბაზრიდან გასვლა] ჩვენთვის არ იქნება არანაირი ზარალი, რადგან მოთხოვნა მაღალია – ლაშა პაპაშვილი

მერძეული ფერმის „ყვარლის ბაგა“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი, ლაშა პაპაშვილი „პეპსიკოს“ ქართული ბაზრიდან შესაძლო გასვლის თაობაზე ამბობს, რომ მათი კომპანია, რომელიც “პეპსიკოსთან” თანამშრომლობს, არ იზარალებს, რადგან ბაზარზე მოთხოვნა დიდია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან “ყვარლის ბაგაში” გამართულ ღია კარის დღეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ BMGTV-ს გადაცემაში “წერტილი” ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ “პეპსიკოს”, რომელიც ქართულ ბაზარზე “სოფლის ნობათის” ბრენდით პოზიციონირებს, დიდი პრობლემები აქვს, ამიტომ ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს, რათა ბაზრიდან არ გავიდეს.

„ჩვენთვის არ იქნება არანაირი ზარალი, რადგან მოთხოვნა მაღალია. უბრალოდ, „პეპსიკოს“ უჭირავს ამ ქვეყნის რძის პროდუქტების ბაზრის დაახლოებით 20%. ძალიან სამწუხარო იქნება [თუ ბაზრიდან გავლენ], რადგან ინვესტორები, რომლებიც მსოფლიოში ამხელა გიგანტები არიან, მათთვის ერთი ქვეყნის მიხურვა არაფერია. ჩვენთვისაა ტრაგედია ქართული ბაზრიდან დიდი მოთამაშე თუ გავა.

ეს არის ამერიკული კომპანია, უმაღლესი სტანდარტით და ერთ-ერთი საუკეთესო მაკონტროლებელი სისტემით. შეცდომით, ან მიზანმიმართულად ვიღაცამ მას რუსული უწოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება “, – ამბობს ბიზნესმენი.

ბიზნესმენი “სოფლის ნობათის” რძეში აფლატოქსინის აღმოჩენის ფაქტზე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სამხრეთ ევროპის, ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის აუზის პრობლემა იყო, რამაც სიმინდისა და ხორბლის დაზიანება გამოიწვია. ეს კი ამ ბაქტერიის გამომწვევი შეიძლება იყოს.

„მოვიკითხე ჩვენს ჰოლანდიელ ნუტრიციოლოგებთან და სამხრეთ ევროპის, ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის აუზის პრობლემა იყო, რადგან ძალიან მაღალი ტენიანობა იყო და ენერგიის წყაროებმა, სიმინდმა, ხორბალმა დაზიანება დაიწყეს. ესაა აფლატოქსინის ძირითადი მახასიათებლები“, – ამბობს ლაშა პაპაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *