კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ “თეგეტა ჰოლდინგი”

General Motors-მა შემოსავლების პროგნოზი გააუქმა და აქციების გამოსყიდვა შეაჩერა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის ფონზე, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა კონგლომერატმა, General Motors-მა მიმდინარე წლის შემოსავლების პროგნოზი გააუქმა და აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამა გაურკვეველი ვადით შეაჩერა.

როგორც GM-ის ხელმძღვანელობა განმარტავს, ამჟამად მსოფლიოში არსებული ვითარება სრულიად გაურკვეველი და არაპროგნოზირებადია, ასეთ დროს კი შემოსავლებთან დაკავშირებით რამის თქმა რთულია, ამიტომ ინვესტორებს კონკრეტული გეგმის მიყოლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

ამასთან, General Motors-ში აღნიშნავენ, რომ კომპანია $4 მილიარდის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამას შეაჩერებს, რაც კომპანიის საბაზრო შეფასებაზე ნეგატიურად აისახება, თუმცა გრძელვადიანი მდგრადობისათვის უკეთესი იქნება, რადგან ავტომწარმოებელი ამჟამად კრიზისულ რეჟიმზეა გადართული და ფინანსური რესურსების დაზოგვას ცდილობს.

GM-ის ეს გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მსგავსი ნაბიჯები სხვა მსხვილმა კომპანიებმაც გადადგეს, რაც ტრამპის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.

Volvo ხარჯებს ამცირებს და ფინანსურ პროგნოზს აუქმებს

ბაზარზე არსებული გაურკვევლობის ფონზე, შვედური წარმოშობის Volvo ხარჯებს ამცირებს და 2025 წლის შემოსავლების პროგნოზს აუქმებს.

როგორც კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, მომდევნო თვეების განმავლობაში კომპანია $1.87 მილიარდის საოპერაციო ხარჯების დაზოგვას გეგმავს, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი თანამშრომლების ანაზღაურება იქნება. „ქამრების შემოჭერის“ სტრატეგიაზე გადართვა Volvo-ს დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის და პირველ კვარტალში გაუარესებული ფინანსური შედეგების გამო მოუწია.

როგორც ირკვევა, Volvo-ს შემოსავლები წინა კვარტალში თითქმის 12%-ით შემცირდა, რაც ინვესტორებისთვის მოულოდნელი იყო და ამან კომპანიის აქციების 10%-იანი ვარდნა გამოიწვია.

TOYOTA MOTOR-მა $42 მილიარდად TOYOTA INDUSTRIES-ის ყიდვა გადაწყვიტა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა, Toyota Motor Corporation-მა 42 მილიარდ დოლარად Toyota Industries-ის ყიდვა გადაწყვიტა, რომელიც საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად დალისტული კომპანიაა.

მართალია, ორივე კომპანიის სახელი კიიჩირო ტოიოდას უკავშირდება, თუმცა ერთი კომპანია ავტომობილებს აწარმოებს და მას კიიჩიროს შთამომავალი, აკიო ტოიოდა ხელმძღვანელობს, ხოლო მეორე კომპანია ინდუსტრიული წარმოების სექტორშია და სპეც. ტექნიკას, დანადგარებსა და სპეციალურ მოწყობილობებს აწარმოებს.

როგორც Toyota Motor-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, Toyota Industries-ის გამოსყიდვით კომპანია წარმოების ოპტიმიზაციას და ეფექტიანობის გაზრდას შეძლებს, ხოლო თავად ინდუსტრიული კომპანიის ხელმძღვანელები საბაზრო შეფასებასთან შედარებით თითქმის 50%-იან პრემიუმს მიიღებენ.

ექსპერტების შეფასებით, ამ გარიგებით ტოიოდას ოჯახს და თავად აკიოს იაპონურ კონგლომერატზე გავლენის გაზრდა სურთ, რადგან ამ გარიგებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ ტოიოდას ოჯახი მიიღებს, რომელიც Toyota Motor-ის უმსხვილესი აქციონერია. ფინანსურ სარგებელთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ Toyota-ს კონგლომერატი იაპონიაში ყველაზე მნიშვნელოვან ჰოლდინგად ითვლება და მის მფლობელ ოჯახს ქვეყანაში უდიდესი პოლიტიკური და სოციალური გავლენა აქვს.
უშუალოდ ავტომწარმოებელ კომპანიას რაც შეეხება, მისი საბაზრო შეფასება $245 მილიარდს შეადგენს და ის პლანეტაზე ყველაზე მეტ ავტომობილს ყიდის.

Toyota-მ ჩინური ბაზრისთვის ორი ახალი ელექტრომობილი წარადგინა

Toyota აქტიურად აფართოებს ელექტრომობილების პორტფელს ჩინეთის ბაზარზე. Auto Shanghai 2025-ის ფარგლებში, ბრენდმა ორი ახალი მოდელი წარადგინა: ელექტროსედანი Toyota bZ7 და მერვე თაობის Lexus ES, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც EV, ისე ჰიბრიდულ ვერსიაში.

Toyota-ს ახალი ფლაგმანი ელექტრომობილი, bZ7 შექმნილია ადგილობრივად Guangzhou Automobile Group-თან და Guangzhou Toyota Motor Co-სთან თანამშრომლობით. მოდელი კონკურენციას გაუწევს ისეთ ელექტრომობილებს, როგორიცაა BYD Han L, Tesla Model S და BMW i5. Toyota აცხადებს, რომ bZ7 იქნება „უსაფრთხო, საიმედო და მაღალი ხარისხის“ წარმოების შედეგი, გაჯერებული ჩინური მოწინავე ტექნოლოგიებით. ავტომობილის ზუსტი მახასიათებლები ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა Toyota გვპირდება უახლეს ინტელექტუალურ ფუნქციონალს. ახალი მოდელის გამოშვება ერთი წლის განმავლობაში იგეგმება.

Auto Shanghai 2025-ზე Lexus-მა წარადგინა მერვე თაობის Lexus ES, რომელიც დაფუძნებულია LF-ZC კონცეპტზე და აღჭურვილია როგორც სრულად ელექტრული, ისე ჰიბრიდული სისტემით. ეს იქნება პირველი შემდეგი თაობის Lexus მოდელი, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს როგორც წინა, ისე ყველა წამყვან ვერსიას. EV ვერსიების სავალი მარაგი 685 კმ-მდე და 610 კმ-მდეა, წინა და სრული წამყვანი ვერსიების შესაბამისად.

Toyota-სა და Lexus-ის ახალი ელექტრომოდელები მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდისთვის, რომელიც ცდილობს მოიპოვოს პოზიციები ჩინეთის მზარდ და კონკურენტულ ელექტრომობილების ბაზარზე.

D-MAX EV – Isuzu-მ ახალი ელექტრო ეპოქა დაიწყო

Isuzu-მ ახალი ელექტრო ეპოქა დაიწყო – მისი პირველი სრულად ელექტრული პიკაპი, D-MAX EV, უკვე წარმოებაშია და სულ მალე ევროპაში გამოჩნდება. ავტომობილი შეესაბამება იმავე სიმძლავრესა და ტვირთამწეობას, რასაც Isuzu-ს პოპულარული დიზელის ვერსია. ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: სიმძლავრე: 188 ცხ.ძ;

მაქსიმალური ბრუნვის მომენტი: 325 ნმ; ბატარეა: 66.9 კილოვატ/საათიანი ლითიუმ-იონური; სავალი მარაგი (WLTP): 263 კმ (ქალაქში – 361 კმ-მდე);მაქსიმალური ტვირთამწეობა: 1,000 კგ; მაქსიმალური მოსაბმელი მასა: 3,500 კგ;

ელექტრული D-MAX ვიზუალურად პრაქტიკულად იგივეა, რაც დიზელის ვერსია. მხოლოდ მოტორიზაციაა შეცვლილი – და შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია: ეფექტური ქალაქისთვის და სრულად მზად ოფ-როუდის პირობებისთვისაც.
Isuzu გეგმავს, 2025 წლის მესამე კვარტალში დაიწყოს მიწოდება ევროპის ბაზარზე, ხოლო 2026 წელს – დიდი ბრიტანეთში და სხვა რეგიონებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *