მოგვიანებით, ADB-იმ ლაშა ხუციშვილის განცხადების ბეჭდური ვერსია გაავრცელა ისევე, როგორც ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მმართველი წარმომადგენლის. ბეჭდურ ვერსიასა და იმ ვერსიას შორის, რაც BMG-იმ ადგილზე მოისმინა ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა აღმოჩნდა. კერძოდ, ლაშა ხუციშვილმა სიტყვა–სიტყვით გაიმეორა მთელი ტექსტი გარდა ერთი წინადადებისა, რომელიც ტექსტში კი ჩაიწერა, მაგრამ სიტყვით გამოსვლის დროს ‘ოცნების’ მინისტრს ხმამაღლა აღარ უთქვამს – კერძოდ: „საქართველომ, რომელსაც თავის თავზე აქვს გამოცდილი რუსული ოკუპაცია, წარმატებით გაართვა თავი პოსტ–პანდემიურ პერიოდს და რუსეთ–უკრაინის ომის მიერ გამოწვეული უკიდურესი გეოპოლიტიკური დაძაბულობების პირობებში აჩვენა მედეგობა“.
BMG-იმ განმარტებისთვის ‘ოცნების’ ფინანსთა სამინისტროს პრეს–სამსახურს მიმართა. ერთადერთ ვრცელ პასუხში, რომელიც ფინანსთა სამინისტროსგან მილანში, ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე მთელი ამ ორდღიანი მუშაობის დროს მივიღეთ, ასეთი რამ წერია: „ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ წერილობით, წინასწარ გაგზავნილი ტექსტის მოცულობა არაა შეზღუდული, ბიზნესსესიაზე გამოსვლისგან განსხვავებით, სადაც გამოსვლის დრო მკაცრად შეზღუდულია (3 წუთი) და სადაც საქართველოს დელეგაციის გარდა, როგორც თქვენთვის ცნობილია, სიტყვით გამოდიან ყველა წევრი ქვეყნების მმართველები. შესაბამისად, როგორც წესი ოფიციალურად გაგზავნილი ტექსტი ოდნავ მცირდება სესიაზე გამოსვლისას“.
BMG ადგილზე ესწრებოდა ლაშა ხუციშვილის გამოსვლას და შეიძლება ითქვას, რომ მან გავრცელებული და ნათქვამი ტექსტიდან მხოლოდ ეს ერთი წინადადება გამოტოვა. მისი გამოსვლის სრულ ტექსტს ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ – როცა ქართულად თავად პრეს–სამსახური გააზიარებს. მანამდე, იმედი მაქვს, ამ ერთი წინადადებით სამინისტროსთვის თარგმანში არ დავიკარგებით.