ქართული ღვინის მიერ ევროპის დიდ ქსელებში დახლზე ადგილის დასაკავებლად მეტი სიჩქარე და შრომა გვჭირდება – გოჩა ჩხაიძე
ევროპულ ბაზარზე, ქართველი მეღვინეები 8000 წლოვანი ისტორიის ქართული ღვინის მოთხოვნის დეფიციტს უჩივიან და ამბობენ, რომ ქართული ღვინო ევროპული მაღაზიების დახლებზე ვერ ხვდება.
“ის, რომ ქართული ღვინო ევროპული სუპერმარკეტების დახლებზე ვერ ხვდება, ექსპორტის ზრდას აფერხებს”, – ამბობს BM.GE-თან სატელეფონო საუბარში “ასკანელის” დამფუძნებელი.
გოჩა ჩხაიძის შეფასებით, ღვინის პოპულარიზაციისთვის აქტივობები არის, მაგრამ მეტი ტემპი და მრავალფეროვნებაა საჭირო.
“მთავარი პრობლემა ის არის, რომ დიდი ქსელები დახლს ჯერ არ გვაძლევენ. იმედია, რომ ეს სტერეოტიპიც დაირღვევა და შეიცვლება. ვფიქრობ, რომ მარკეტინგის თვალსაზრისით, ჩვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია და გვყავს სპორტსმენები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან დიდი როლი ითამაშონ ქართული ღვინის პოპულარიზაციაში და დაეხმარონ ქართულ მეღვინეობას. ვფიქრობ, კარგი იქნება ხვიჩას ფაქტორი გამოვიყენოთ და სხვადასხვა სპორტსმენების, რომლებმაც თავიანთი წარმატებით ძალიან გაითქვეს სახელი. ეს ყველაფერი ერთად ძალიან იმუშავებს დადებითად. მე ვფიქრობ, რომ ნელა მივიწევთ წინ, თუმცა წინ მივდივართ და ძალიან ბევრი ადამიანი პოზიტიურად აფასებს ქართულ ღვინოს და ძალიან ბევრი იწერება ქართულ ღვინოზე სხვადასხვა ჟურნალებში. ყურადღება არის, კითხულობენ, მაგრამ მეტი სიჩქარე გვჭირდება, მეტი შრომა. ვფიქრობ, რომ შორი არ არის პერიოდი, რომ ჩვენ მივაღწიოთ წარმატებას ევროპის ბაზარზე და თუ ჩვენ დიდ ქსელებში დავიკავეთ დახლი, ძალიან ბევრი ღვინო გაიყიდება, როგორც ევროკავშირში ისე შეერთებულ შტატებში”, – ამბობს გოჩა ჩხაიძე.
მისი შეფასებით, ასკანელის ბრენდის ქვეშ ღვინო ამ დროისთვის ევროპაში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე იყიდება, მაგრამ ეს მოცულობები საკმარისი არ არის. მისი შეფასებით, მოცულობების გაზრდა ევროპის ქსელურ მარკეტებში დახლებზე პროდუქციის განთავსების შემთხვევაში არის შესაძლებელი.
“ბალტიის ქვეყნებში ლიდერის პოზიცია გვიკავია და საკმაოდ კარგად გვიცნობენ. სხვა ქვეყნებში ამას ვერ ვიტყვი.. ცოტ-ცოტა იყიდება, გერმანიაში იყიდება, ინგლისშიც იყიდება, მაგრამ ლონდონში რამდენიმე მიშლენის რესტორანშია ასკანელი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რაოდენობების მომატებას ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ტრადიციული ბაზრები ძალიან დომინირებს, რასაც ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს უახლოესი პერიოდი, თუმცა ვფიქრობ, თუ დახლზე გვექნება შესაძლებლობა რომ ისეთ მარკეტში მაგალითად როგორიც ლიდლია ჩვენი ღვინო განვათავსოთ, ძალიან მალე მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია,”- აცხადებს ასკანელის დამფუძნებელი.