რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 24 ათასამდე გაიზარდა. სანქციები ანალიტიკურმა პორტალმა Castellum-მა დაითვალა და მოიცავს ომამდე და მის შემდეგ პერიოდს. ყველაზე მეტი სანქცია რუსეთისთვის აშშ-ს, კანადას, შვეიცარიას, ევროკავშირს და საფრანგეთს აქვს დაწესებული. რაც შეეხება სანქციების ტიპებს, ყველაზე მეტი თითქმის 13 ათასი ინდივიდუალური სანქციაა, შემდეგ მოდის შეზღუდვები იურიდიულ პირებზე, აქედან დაახლოებით 2400 ფიზიკური და იურიდიული პირი ევროკავშირს ჰყავს სანქცირებული.

უკრაინაში ომის დაწყებამ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებულ ქვეყნად აქცია. რუსეთის გარდა ხუთეულში არიან ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ბელარუსი. სანქციების დაწესების პროცესი ჯერ კიდევ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო, რასაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება მოჰყვა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე რაუნდად მიიღო და ამ ეტაპზე ჯამში 16 პაკეტი აქვს მიღებული. შეზღუდვების მიზანი კრემლზე მაქსიმალური ზეწოლის მოხდენა იყო, რაც შეამცირებდა რუსეთის შესაძლებლობებს უკრაინაში ომი გაეგრძელებინა. დასავლეთმა დაასანქცირა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის ვლადიმერ პუტინი, სერგეი ლავროვი, რუსეთის დუმის წევრები, ასევე კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენები და ოლიგარქები, რუსი პროპაგანდისტები და კერძო თუ სახელმწიფო კომპანიები. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, აქტივების გაყიდვას, ვაჭრობაში შეზღუდვებს და სხვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *