Gwp-ის მფლობელი კომპანიის „Aqualia”-ს გენერალური დირექტორი, სანტიაგო ლაფუენტე, ესპანურ გამოცემა „iAgua Magazine“-თან კომპანიის მიღწევებთან ერთად, საქართველოში, gwp-ის შესყიდვაზე, როგორც კომპანიიისთვის განსაკუთრებულად წარმატებულ პროექტზე საუბრობს.

„წლის განმავლობაში ჩვენ გავაძლიერეთ ოპერირება ერთ-ერთ სტრატეგიულ ქვეყნაში, საქართველოში, სადაც ჩვენი პირველი სამწლიანი სატარიფო გეგმა დამტკიცდა. გარდა ამისა, დავამტკიცეთ 2024-2026 წლების სტრატეგიული მდგრადობის გეგმა. საქართველოში საინვესტიციო გეგმის დასაფინანსებლად გამოვუშვით 300 მილიონი დოლარის ოდენობის მწვანე ობლიგაცია, რაც შესაბამისობაშია Aqualia-სთვის მნიშვნელოვან მდგრადი განვითარების მიზნებთან.

Aqualia-სთვის საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ დედაქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე 1.4 მილიონ ადამიანს ვემსახურებით მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული სამწლიანი სატარიფო პირობებითა და ჩვენს მიერ დამტკიცებული საინვესტიციო გეგმით.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, საქართველოში ტარიფების დაგეგმვის მექანიზმი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობასთან ერთად, მის განახლებასაც მოიცავს. ეს არის პროგნოზირებული და რეგულირებადი პროცესი, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს განვითარების მეტ სტაბილურობას. საქართველოს აქვს რეგულირების გამართული მექანიზმები, სამწლიანი ტარიფების გადახედვით, რომელიც დაფუძნებულია აუდირებულ საინვესტიციო გეგმებასა და კაპიტალურ და საინვესტიციო ხარჯებზე.” – აცხადებს Aqualia-ს გენერალური დირექტორი.

ლაფუენტეს თქმით, Aqualia-ს უპირატესობა კომპანიის მასშტაბთან ერთად არის უნარი, შექმნას დამატებითი ღირებულება, სადაც არ უნდა იყოს. “ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც მხოლოდ ერთჯერად კონტრაქტებზეა ორიენტირებული. გვსურს დავრჩეთ, ვინტეგრირდეთ და გვქონდეს თანაბრად მაღალი სტანდარტები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

Aqualia-ს ძლიერი მხარე მომსახურების ერთიანი ფილოსოფიაა, რომელსაც ვნერგავთ როგორც პატარა, ისე დიდ და საშუალო მუნიციპალიტეტებში.”

გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ 2024 წელი Aqualia-სთვის გამორჩეული წელი იყო. კომპანიაში შეიმუშავეს მდგრადი განვითარების მკაფიო სტრატეგია. პროგრესს მიაღწიეს ყველა ძირითად სფეროში, როგორიცაა საერთაშორისო ზრდა, ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადობა და ფინანსური სიძლიერე.

პუბლიკაციის თანახმად, Aqualia, ერთ-ერთი წამყვანი წყლის მართვის კომპანია ევროპაში, ახალ ეტაპზე გადავიდა ახალი გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით. სანტიაგო ლაფუენტე, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების სფეროში, სათავეში უდგას კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას და ტრანსფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს წყლის რესურსების უფრო ეფექტიან და მდგრად მართვას მსოფლიო მასშტაბით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *