“ბორჯომში ძირითადი აქცენტი კურორტის იდენტობის გაძლიერებაზე კეთდება”- გენგეგმის მომზადება საფინალო ფაზაშია

ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება 2024 წელს დაიწყო. შესაბამის დოკუმენტზე კომპანია “სითი ინსტიტუტ საქართველო” მუშაობს.

ბორჯომის გენგეგმის პროექტის კოორდინატორი ანდრო ქორთუა “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბორჯომის გენგეგმის კონცეფცია დამტკიცდა და საფინალო პროექტის მომზადება დაიწყო, რომელმაც ქალაქში განაშენიანების სტანდარტები უნდა დაადგინოს.

მისი თქმით, ქალაქში მთავარი აქცენტი კეთდება საკურორტო იდენტობის შენარჩუნებაზე და ამ კუთხით კონკრეტული არეალების გამოყოფაზე, სადაც განაშენიანება დასაშვებია და სადაც შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს. ანდრო ქორთუა აცხადებს, რომ სავარაუდოდ ბორჯომის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ადრე ჩაბარდა ბათუმის კონცეფცია ვიდრე ბორჯომის, ბორჯომის იგივე ფაზაშია, რა ფაზაშიც ბათუმის გენგეგმა. კონცეფცია უკვე დამტკიცებულია და გუშინდელი დღიდან ჩვენ ოფიციალურად გადავედით საბოლოო ეტაპის შემუშავებაზე, რაც პროექტის შემუშავებას გულისხმობს. ბორჯომში ძირითადი აქცენტი კეთდება კურორტის იდენტობის გაძლიერებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომს აქვს იურიდიულად საკურორტოს სტატუსი, შინაარსობრივად რაღაც ეტაპები აკლია, რაც ამ ნაწილს რეალურს გახდის. პროექტის ნაწილშიც მიდის იურიდიული ხორცშესხმა რომ განისაზღვროს გარკვეული არეალების წახალისება, სად უნდა განვითარდეს ან პირიქით, სად უნდა შეიზღუდოს განაშენიანება, რა ხედვის დერეფნები უნდა იყოს დაცული, რადგან ლანდშაფტური ქალაქია. უნდა დამუშავდეს ეს ყველაფერი და აქაც ზგშ-ს ანგარიშს და სამინისტროსთან ურთიერთობას ვაწყდებით. ფაქტობრივად ბათუმის და ბორჯომის პროექტები პარალელურად განხორციელდება და სავარაუდოდ, ერთდროულად დასრულდება,”- ამბობს “სითი ინსტიტუტის” პროექტის კოორდინატორი და ურბანისტი ანდრო ქორთუა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *