ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ორივე მხარემ ღამით ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის საჰაერო იერიშებს 26 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 46. საპასუხოდ პაკისტანმა ქაშმირის ის ტერიტორია დაბომბა, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს. დაღუპულია 7 მოქალაქე. დაშავებულია 32. მხარეებმა ნაწილობრივ დახურეს საჰაერო სივრცე. კონფლიქტის ზონაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
მიმდინარე კონფლიქტს განსაკუთრებით დიდ საფრთხედ აღიქვამენ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, რადგანაც როგორც ცნობილია, პაკისტანი და ინდოეთი ბირთვული იარაღის მატარებელი სახელმწიფოები არიან. შესაბამისად, არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი უფრო სრულმასშტაბიან ესკალაციაში გადაიზარდოს.
კონფლიქტს ეხმაურება ჩინეთის საგარეო უწყება და ამბობს, რომ შეშფოთებულია მხარეებს შორის არსებული დაპირისპირებით, ხოლო ირანი პაკისტანსა და ინდოეთს სთავაზობს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას და შუამავლის როლის შესრულებას. იაპონია შეშფოთებას გამოთქვამს.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს ინციდენტი შეიძლება გახდეს საბაბი საპასუხო ქმედებებისთვის და გადაიზარდოს სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში. სამხრეთ აზიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ინდოეთსა და პაკისტანს, გამოიჩინონ თავშეკავება და სტაბილურობა აღადგინონ დიალოგის გზით”, – აცხადებს იაპონიის მთავრობის კაბინეტის მთავარი მდივანი იოშიმასა ჰაიაში.