როგორც მან ევროპის დღის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ევროკავშირი მზადაა ქვეყნის გაწევრიანებისთვის ერთად მუშაობისთვის.
“ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო,
დღეს ჩვენ ევროპის დღეს და შუმანის დეკლარაციის 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის სიძლიერე არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რისი მოტანა შეუძლია მსოფლიოსთვის ქვეყნების მშვიდობიან თანამშრომლობას.
ევროკავშირი მშვიდობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ერთგულია – ჩვენს საზღვრებში და ასევე მთელ მსოფლიოში. მაშინაც კი, როდესაც ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ერთიანობას მრავალფეროვნებაში – ვმუშაობთ დიალოგის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ასევე უნივერსალური ღირებულებების ხელშესაწყობად.
მსოფლიო სწრაფად იცვლება და სულ უფრო დაქსაქსული ხდება. საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალურ კონკურენციად გადაიქცა. თუმცა ევროკავშირი აგრძელებს მთელ მსოფლიოში ქვეყნებთან თანამშრომლობას. გადაწყვეტილებებზე მუშაობა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა.
ჩვენ სანდო პარტნიორი ვართ და ინვესტირებას ვაკეთებთ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებში, რომელიც ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ვიცავთ და ხელს ვუწყობთ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც წესებს და არა ძალას ემყარება. ამიტომაც ევროკავშირი გვერდში უდგას უკრაინას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინამ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას სიძლიერის პოზიციიდან მიაღწიოს.
ევროკავშირი მტკიცედაა დაფუძნებული ღირებულებებზე. უნივერსალურ ღირებულებებზე, რომელსაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ერთად ვიცავთ და რომლის მხარდაჭერასაც გავაგრძელებთ.
რაც უფრო მატულობს გლობალური გამოწვევები, იზრდება ევროპის სიმტკიცე, დარჩეს საიმედო, თანმიმდევრულ, პროგნოზირებად და პრინციპულ პარტნიორად, რომელიც არის:
პარტნიორი კეთილდღეობისთვის, ერთგული მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ღია ეკონომიკისა და წესებზე დაფუძნებული ვაჭრობისა;
პარტნიორი უსაფრთხოებისთვის, რომელიც იყენებს ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას, რომ ხელი შეუწყოს მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას – ჩვენი მისიების და ოპერაციების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის მეშვეობით.
პრინციპული, თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი, გაჭირვებაში მყოფი ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის სასიცოცხლო დახმარების მიმწოდებელი.
ეს არის ევროპა.
საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში.
მესამე წელია, მაქვს პატივი თქვენთან ერთად აღვნიშნო ევროპის დღე.
2023 წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ.
დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია.
ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. ხალხის ევროპული არჩევანი ნათელია.
როგორც ხედავთ, რეალობა ისაა, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. ამიტომაც ვართ ერთად.
თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
ჩვენ ვამაყობთ რომ საქართველოს მეგობრები ვართ.
დღეს, ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს, უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს! წინ, საქართველო, წინ!”, – განაცხადა ელჩმა.