მწერალმა ნაირა გელაშვილმა მაუწყებლის პოდკასტში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორისა და თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის შესახებ ისაუბრა. მან ბათუმის პოლიციის უფროსი და სხვა მოწმე პოლიციელები გააკრიტიკა, რომლებიც დაკითხვებზე ამბობენ, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს “ძლიერი სილა” გააწნა. “ქალმა სილა გამაწნაო და ამაზე კაცი ჩივის… პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები, პირველ რიგში ხომ ადამიანი ხარ? რანაირად შეიძლება, დასუსტებული ქალი, რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი, ამცირებდი ყველანაირად და ღირსებაშელახულმა რაღაც დასუსტებული ხელი გამოგიქნია და რაღაც სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე რომ “მეტკინა”, “ლოყა ამიწითლდა”, ამიტომ უნდა ვუჩივლო და 6 წლით ციხეში ჩავსვა, ვისაც ეს არ ესმის, რა კატასტროფაა მორალური თვითონ დგებუაძისთვის და მისი მეგობრისთვის, რომელიც ამბობს, რომ “როგორ არა, ისეთი ძლიერი სილა გააწნა”, სირცხვილის განცდა არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ამ კაცში მამაკაცური თვითშეგნება არის განადგურებული”, — განაცხადა მწერალმა ნაირა გელაშვილმა “მაუწყებლის” პოდკასტში.
ახალი ამბების სააგენტო