მან საკითხზე ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ სანქციებს ყველა წევრი ქვეყნისგან ერთსულოვნება სჭირდება, რისი მიღწევაც აქამდე ვერ მოხერხდა.
“ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ძალადობას, ვერანაირი ფორმით. რასაც თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში ვხედავდით, მიუღებელია. ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული. და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობის გამოყენებაში. როგორც არაერთხელ მოგახსენეთ, სამწუხაროდ, აქამდე ეს შეუძლებელი იყო ევროკავშირის სანქციების შემთხვევაში, რადგან სანქციების მისაღებად ერთსულოვნებაა საჭირო. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთსულოვნებას შეუერთდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ორმხრივი სანქციები დააწესა. ეს რიცხვი მზარდია. ჩემი ხელმძღვანელები ბრიუსელში, გააგრძელებენ მცდელობას, რომ ევროკავშირის 27 წევრის დონეზე სანქციები შეათანხმონ”,- განაცხადა ელჩმა.
მან ასევე ისაუბრა სავიზო შეზღუდვებზე. 8 მაისს, ესტონეთმა ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება 27 იანვარს მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული დიპლომატიური პასპორტით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს აეკრძალათ. ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნის კანონმდებლობაში უნდა აისახოს.
ელჩის თქმით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა საქართველოს მთავრობის ქმედებებს: დემოკრატიულ უკუსვლას, რეპრესიულ კანონებს, დაშინებას და ძალადობას.
“ჩვენ არ გვსურს, რომ ამან იმოქმედოს მოსახლეობაზე, ამიტომ ჩვეულებრივი ქართული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა ევროკავშირში, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, მათ ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს ვიზაზე მოუწევთ განაცხადის გაკეთება”,- ამბობს ელჩი.
ჰერჩინსკიმ ასევე გაიმეორა, რომ უკანონოდ დაკავებულები უნდა განთავისუფლდნენ.