ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა მიწვეული მთავრობა ევროპის დღეზე და თქვა, რომ პერსონალური მიწვევა არც მოქმედი და არც ყოფილი მთავრობისთვის ყოფილა გაგზავნილი.
“ეს ღია ღონისძიებაა. ჩვენ დავპატიჟეთ ყველა, სავარაუდოდ ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ მედიაში, ჩვენი პოსტერები. ამიტომ, ვიმედოვნებ ბევრი ადამიანი მოვა ევროპის დღის აღსანიშნად მეგობრებთან და ოჯახებთან ერთად. თუმცა არ გაგვიგზავნია პერსონალური მოსაწვევი არც მოქმედ და არც ყოფილი ხელისუფლებისთვის. ვწუხვარ, მაგრამ ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რომ მეტი და მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, იმართება საქართველოს გარეშე. ეს არის იმ ქმედებების გამო, რაც საქართველოს მთავრობამ გასულ წელს განახორციელა”, – თქვა ელჩმა და დასძინა, რომ იმავე მიზეზით არ იყო მიწვეული საქართველო 8 მაისს, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე.
„როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის, ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ძალიან მნიშვნელოვანი არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან საქართველოს მონაწილეობის გარეშე იყო. ეს მთავრობის მიერ გასულ წელს გადადგმული ნაბიჯების შედეგია“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მან მწუხარება გამოთქვა იმის შესახებაც, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაშორება იზრდება.