რუსული სამთავრობო მედია „ტასს”-ის ცნობით, ზურაბ წერეთელს თბილისში, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. წერეთლის შვილიშვილმა „ტასს”-ს უთხრა, რომ მოქანდაკის პანაშვიდი ოთხშაბათს, 23 აპრილს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გაიმართება, შემდეგ კი თბილისში.
მის მიერ შექმნილი ძეგლებს ხშირად სკანდალი ახლდა თან. რუსული მედია წერს, რომ თავად წერეთელს ამის მიმართ ფილოსოფიური დამოკიდებულება ჰქონდა და ძეგლების ირგვლივ აჟიოტაჟს კარგ რეკლამად თვლიდა.
მედიისვე ცნობით, როგორც 2021 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, წერეთელი რამდენიმე მიწის ნაკვეთს, სახლს და ბინას ფლობდა – მათი საერთო ფართი 57 ათას კვადრატულ მეტრს აღწევს. თუმცა ქონების ფასი არ არის მითითებული.
გარდა ამისა, წერეთლის საკუთრება იყო ხუთი მერსედესი, ერთი ბენტლი და ორი როლს-როისი. მემკვიდრეები ასევე მემკვიდრეობით მიიღებენ ხუთ ათასზე მეტ ხელოვნების ნიმუშს, მათ შორის ფრესკებს, ქანდაკებებსა და ფერწერას.
მასვე ეკუთვნოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2012 წელს გახსნილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. მთლიანი ფართობი 3 000 მ²-ია და იქ დაცულია ზურაბ წერეთლის 300-მდე ნამუშევარი.
დეკლარაციის მიღმა წერეთლის რეალური ქონება უცნობია. ის 2010 წელს რუს მილიარდერთა სიაში ორი მილიარდი დოლარით მოხვდა. თუმცა თავად ქართული წარმოშობის მონუმენტალისტმა უარყო მედიაში გავრცელებული ეს ცნობა და გამოცემას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა, 1958 წელს მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ქართველმა მხატვარმა საქართველო ოჯახთან ერთად 1989 წელს დატოვა და დროებით რუსეთის დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.
ამის შემდეგ, ზურაბ წერეთელი 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „მშვიდობა“. ამის შემდეგ კვლავ დაბრუნდა რუსეთში და 1997 წლიდან გარდაცვალებამდე რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
წერეთელს მრავალი ცნობილი ქანდაკება ეკუთვნის, მათ შორის, 2006 წლის 23 ნოემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება, იგივე თავისუფლების მონუმენტი, საქართველოს მატიანე, ადამიანი და მზე და სხვები. ზურაბ წერეთელს ეკუთვნის ვლადიმირ პუტინის ქანდაკებაც სახელწოდებით: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”.