პაპმა ლეო XIV-მ 11 მაისს საკუთარ პირველ საკვირაო მიმართვაში მსოფლიო ლიდერებს მშვიდობისკენ მოუწოდა და უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ კვლავ მიმართავს მსოფლიოს დიდ ქვეყნებს მოწოდებით – „აღარასდროს იყოს ომი“.

„ჩემს გულში ვატარებ საყვარელი უკრაინელი ხალხის ტანჯვას“, – განაცხადა რომის პაპმა, რომელიც ამავე გამოსვლაში სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და უკრაინელი ბავშვების ოჯახებთან დაბრუნების მოწოდებით გამოვიდა.

პაპი ღაზაში მიმდინარე ომსაც გამოეხმაურა.

“ღრმად მტკივა ის, რაც ღაზის სექტორში ხდება. დაე დაუყოვნებლივ იქნეს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს სამოქალაქო მოსახლეობას და გათავისუფლდეს ყველა მძევალი”. – აღნიშნა ლეო XIV-მ.

პირველ საკვირაო მიმართვისას პაპი ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასაც მიესალმა.

8 მაისს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან ამოსულმა თეთრმა კვამლმა აჩვენა, რომ 133 კარდინალისაგან შემდგარმა კოლეგიის ორმა მესამედმა მაინც მხარი ერთ კანდიდატს დაუჭირა და რომის 267-ე პაპის ვინაობა განსაზღვრა. შედეგად, რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ახალი წინამძღოლი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. პირველი ამერიკელი რომის პაპი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *