საკანონმდებლო ორგანოში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების კითხვებს გიორგი ხოჭავა უპასუხებს, რომელიც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
მმართველ პარტიაში მსგავსი საკითხების საჯაროდ განხილვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ, ოპოზიცია კი მიმდინარე პროცესს უნდობლობას უცხადებს.
“როგორც კი კომისია მორჩება მუშაობას, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თავის რეკომენდაციებს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს გადასცემს, მაგრამ, ამასთანავე, როგორც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. უკვე იმდენი მტკიცებულება ჩანს, რომ, მგონი, ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსგან უნდა დადგეს, იქნება “ნაციონალური მოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადება”, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 10:00 საათისთვის დაიწყება.