„გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას,“ — წერს კვირიკაშვილი და აღნიშნავს, რომ მათი პატიმრობაში ყოფნა არ არის იმ საზოგადოების ინტერესში, რომლის სახელითაც დღეს მოქმედი ხელისუფლება ლეგიტიმაციას იღებს.
მისი თქმით, ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრების „გაუბედურება“ არ უხარია „საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის — თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან.“
კვირიკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ჰუმანური ნაბიჯი არ იქნება სისუსტის გამოხატულება. უფრო მეტიც — ის ამ ნაბიჯს აუცილებლობად მიიჩნევს იმ პირობებში, როცა, მისი თქმით, არცერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დასჯილა.
„ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები,“ — აღნიშნავს ყოფილი პრემიერი და ამატებს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს შენება ცალმხრივი სიმკაცრით შეუძლებელია.
„გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც,“ — წერს კვირიკაშვილი.