“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ “რუსულ კანონს” კარგი შედეგი ჰქონდა, რადგან რეესტრში 400-მდე ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ის “კეთილსინდისიან” ორგანიზაციებს უწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თუ “გამჭვირვალობის შესახებ კანონით” ორგანიზაციები ავტომატურად რეგისტრირდებოდნენ, ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიციირებული ახალი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის”, იგივე კანონპროექტის ავტორების თქმით FARA-ს ანალოგის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო ყველა იმ ორგანიზაციას შეამოწმებს, რომელსაც უცხოური დაფინანსების სახით ერთი ცენტი მაინც აქვთ მიღებული.

“დღეის მდგომარეობით 400-მდე ორგანიზაცია რეგისტრირებული და პატიოსნად გაასაჯაროვეს საკუთარი დაფინანსებები. რამეს ხედავთ რომ პრობლემა შეექმნა ამ 400-დან რომელიმეს?! არ შეექმნა. ერთადერთი რაც ამ ყველაფრით მოხდა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იციან ამ 400 ორგანიზაციას ვინ აფინანსებს და რაში იხარჯება ეს ფული. ამის მიღმა აღმოჩნდა რომ არსებობს ასი ორგანიზაცია, რომელიც მალავს საკუთარ ფინანსებს. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 500 ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც უცხოეთიდან მნიშვნელოვნად ფინანსდებიან. აქედან 400 კეთილსინდისიერი ორგანიზაციაა, რომელიც მზად არის მოსახლეობას უთხრას რა ფულს იღებს და რაში ხარჯავს. გვყავს 100 ორგანიზაცია, რომელიც ფინანსებს მალავს და ახლა ფონდებთან დაკავშირებით რაც გამოჩნდა… ეს ფული მიდის რადიკალიზმში, ექსტრემისტული ჯგუფების მომზადებაში და მიდის უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში”, – აცხადებს პაპუაშვილი.

დღეის მდგომარეობით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა” რეესტრში მდგომარეობით 385 ორგანიზაციაა რეგისტრირებული. საპროტესტო აქციების და აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა ამ კანონზე 2024 წლის გაზაფხულზე “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მაინც მიიღო. კანონი გავრცელდა იმ მედიებსა და არასამთავრობოებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ. შედეგად კანონით ათასობით ორგანიზაცია იძულებული გახდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარად“ დარეგისტრირებულიყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *