„ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ “ღამის კურიერის” ეთერში “მეგობარ აქტზე” და იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც მმართველ გუნდს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით აქვს. ექნება თუ არა დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დასტური და ხელმოწერა – ამ კითხვის პასუხად ბითაძემ აღნიშნა, რომ მათ იმედი აქვთ, ეს არ მოხდება.
“ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება, რადგან “მეგობარი აქტის” შინაარსი პირდაპირპროპორციულად წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციის ხედვასთან, – როგორც გაცხადებულ ხედვასთან, ასევე იმ სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცედურებთან, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს. თუნდაც რად ღირს ამ “ანტიმეგობარ აქტში”, რომელსაც სახელიც კი გადაარქვეს, USAID-ისადმი მოწოდება, სადაც USAID-ს მოუწოდებენ, საქართველოსთან მიმართებით სტრატეგია შეიმუშაოს, როდესაც USAID-ი, პრაქტიკულად, “არაკანონიერ” ორგანიზაციად იქნა გამოცხადებული აშშ-ის ხელმძღვანელობის მხრიდან.
ერთი, რომ სპეკულაციურია განცხადება იმაზე, რომ ეს არის ორპარტიული – აშშ-ში, მათ შორის, ამ ორ პარტიაში არის ძალიან ბევრი განსხვავებული მოსაზრებები – არ შეიძლება, ყველა ერთ ჭრილში განვიხილოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ძალები, რომლებიც პოზიციონირებდნენ, როგორც ძალები, რომელთაც სურდათ, რომ “ქართული ოცნება” მოეშორებინათ ხელისუფლებიდან და მოეყვანათ “ნაციონალური მოძრაობის” მავნებელი პოლიტიკოსები ამ ქვეყნის სათავეში, რომ მათ, მართლა მონური ფსიქოლოგიით, ყველაფერი გაეკეთებინათ, რასაც უბრძანებდნენ დასავლეთიდან, – ის ძალები იქ მუშაობენ, იქ არიან ის ადამიანები. ამ აქტს სჭირდება პროცედურების გაგრძელება მომდევნო პალატაში და შემდგომ პრეზიდენტის ხელმოწერა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ველოდებით, რომ მოხდება,” – განაცხადა მაია ბითაძემ.