ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე “ქართული ოცნების” მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას ეხმიანება და წერს, რომ “რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს”.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი კანდიდატურის მოხსნის საკუთარ ვერსიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამის მიზეზი თეა მაისურაძის თანამშრომლად აყვანა გახდა. საქმე ის არის, რომ მაისურაძემ ელჩის თანამდებობა გასული წლის დეკემბერში,“ოცნების” 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ დატოვა.

“ზურაბ პოლოლიკაშვილი, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, გენერალურ დირექტორად 2017 წელს აირჩიეს. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატება, რადგან საერთაშორისო დონეზე, ასეთ მაღალ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ზურას პიროვნულ ფაქტორს. მე, იმ დროს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნულ კამპანიაში.

ქვეყნები, მსოფლიოს მასშტაბით, უდიდეს ძალისხმევას დებენ იმაში, რომ საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებით მაღალ და მნიშვნელოვან პოზიციებზე მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ქვეყნის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ამ პოზიციაზე, იყო უკვე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ზურას აქვს გაკეთებული საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. აი ამ ყველაფრის ფონზე, ხდება ზურაბ პოლოლიკაშვილის, თითქმის უკვე გამარჯვებული კანდიდატის კანდიდატურის მოხსნა.

მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა დასაშვებია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და შესაბამისი პრეცედენტიც არსებობს.

რაც შეეხება რეჟიმის მითითებებს და გადაწყვეტილებებს, რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს”, – წერს თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *