“სახელმწიფო სასტუმროს ინვესტორებს რეგიონების მიზანშეწონილობის კვლევას უნდა აწვდიდეს” – მაია წერეთელი

ეკონომიკის მინისტრს ბიზნესმა ბრენდული სასტუმროების სუფსიდირება სთხოვა-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განხილული საკითხებიდან ერთ ერთზე საჯაროდ ლაშა პაპაშვილმა ისაუბრა. “რედიქს ჯგუფის” დამფუძნებელი კონკრეტულ უწყებებს ინიციატივით მიმართავს და მოტივად არსებული ტურისტული ნაკადების მსყიდველუნარიანობას ასახელებს.

საქართველოს მასშტაბით ბრენდული სასტუმროების ძირითადი ნაწილი დედაქალაქის გარდა თავს აჭარასა და კახეთში იყრის. ამ გადანაწილებასაც თავისი მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ ერთი გამართული ინფრასტრუქტურაა, რაც ძვირად ღირებული სასტუმროების მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა.

“ვიდრე სასტუმრო ბრენდი ქვეყანაში შემოვა გრძელ გზას გადის”, – გვიხსნის სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი. მაია წერეთელი გვიხსნის, რომ სასტუმრო ბრენდის ქვეყანაში შემოსვლამდე ჯერ სასტუმროს დიზაინი თანხმდება და არქიტექტურა, რაც დამატებით ფინანსებს საჭიროებს და ამ პროცესში კერძო სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.

“სახელმწიფოს მხარდაჭერა სასტუმროებს სჭირდებათ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ბრენდი შემოდის ქვეყანაში ითხოვს მიზანშეწონილობის კვლევას და უკვე გამზადებულ კვლევას მათ სახელმწიფო უნდა აწვდიდეს, რომ ინვესტორს აღარ დასჭირდეს დამატებითი თანხების გადახდა.

ასევე, ძალიან ბევრ პროექტზე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ გვიწევს ისეთ კონსულტანტებთან მუშაობა, რომლებიც არიან თურქეთიდან, გერმანიიდან ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მათი, მაგრამ ეს თანხები გადის ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ არ გვყავს ბაზარზე სერტიფიცირებული კონსულტანტები. გვიწევს სხვა ქვეყნის კონსულტანტებმა დაწერონ დასკვნები, რომ ბრენდმა მიიღოს ეს პროექტი. რატომ უნდა ვუხდიდეთ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, როცა ქვეყნის შიგნით გვყავს კვალიფიციური კადრები. ეს სახელმწიფოს დონეზე ასაწევი საკითხია, სახელმწიფომ უნდა დააყენოს ბრენდებთან საკითხი, რომ ჩვენს კონსულტანტებს ჰქონდეთ სანდოობა და იმ კუთხით უდგებოდნენ ქართველ კონსულტანტებს როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაში.

ჩვენც ბევრი მუშაობა და საკუთარი ინვესტიციის ჩადება დაგვჭირდა, რომ საერთაშორისო კომპანიებს ვეღიარებინეთ, როგორც მენეჯმენტ კომპანია. მაგალითად აწარმოე საქართველოში დაფინანსება აქვთ უცხოელ მენეჯმენტ კომპანიებს, როდესაც შეიძლება ადგილობრივ მენეჯმენტ კომპანიები ყოფილიყო. უკვე არსებობს გარკვეული ექსპერტიზა ქვეყნის შიგნით, რომლებსაც შეუძლიათ აწიონ მსგავსი ტიპის დავალებები და ასეთ კომპანიებს სახელმწიფო მხარს უნდა უჭერდეს.

განსაკუთრებული გამოწვევა ინვესტორებისთვის რეგიონებში არის კადრები და სახელმწიფო ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ დახმარებას უნდა უწევდეს ბიზნესს, რომ მოხდეს ადგილზე კადრების მიზნობრივად მომზადება და განვითარება. ჯერ კიდევ ჩვენი პროფესიული სასწავლებლები მოთხოვნას ვერ პასუხობს ვერც რაოდენობრივი და ვერც ხარისხობრივი თვალსაზრისით,”- ამბობს McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *