ილია წულაიას თქმით, მას შესაძლებლობა ჰქონდა, ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, მნიშვნელოვან შეხვედრებში მიეღო მონაწილეობა.
კერძოდ, გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები ჯეიმს გოლსენთან, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან; მეტ მაკლაფლინთან, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კავკასიის რეგიონის დირექტორთან და პატრიკ ბრინთან, ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორთან.
წულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავება და ორმხრივი ინვესტიციების ახალ მიმართულებათა მოძიება.
“ამერიკულმა მხარემ ნათლად გამოხატა სურვილი, გააღრმავოს თანამშრომლობა როგორც საქართველოს სახელმწიფოსთან, ისე ქართულ კერძო სექტორთან, რაც მოტივაციასა და ოპტიმიზმს გვმატებს. ფორუმის დღის წესრიგის ფარგლებში, ზაზა ფაჩულიასთან და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ კონსულთან ერთად, შევხვდი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პლატფორმის, Plug and Play Tech Center-ის დამფუძნებელს, საიდ ამიდის. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში ოფისის გახსნისა და სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, რომელსაც მადლობას ვუხდი იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ის საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში იჩენს. ფორუმის ფარგლებში, შესაძლებლობა მქონდა მნიშვნელოვან შეხვედრებში მიმეღო მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად”, – წერს ილია წულაიამ სოციალურ ქსელში.