ჰოტელიერ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, რეგიონებში არაერთი გამოწვევაა, რომელიც სასტუმრო ბიზნესის განვითარებას აფერხებს, მათ შორის კი ერთ-ერთი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობაა. ამის მაგალითად მას რაჭა, კონკრეტულად კი უწერა მოჰყავს, რომლის გაზმომარაგება დღემდე არ ხდება. ამის შესახებ “საქმის კურსთან” რეგიონებში სასტუმრო ბიზნესის სუბსიდირების თემაზე საუბრისას განაცხადა.
“პირველად უწერაში 2009 წელს ვიყავი. მაშინ უწერას ჰპირდებოდნენ, რომ გაზი 2011 წელს იქნებოდა, გაკეთებული სასტუმროც ნახეთ უწერაში [მანინო] და დღემდე გაზი არ არის. რაჭა კი არის და ნელ-ნელა კი მიდის, მაგრამ ასე ნელა განვითარებაც არ შეიძლება. ონში გაზი არის, მაგრამ უწერამდე სულ რაღაც 8 კილომეტრია და გაზი ვერ ავიდა. გაზის არ ქონის გამო, ზამთარში სასტუმრო ინფრასტრუქტურის არსებობა ფიზიკურად შეუძლებელია. ობიექტის გათბობა, როცა ძალიან ცივა, სხვა ალტერნატიული საშუალებებით რთულია და პლუს ამან შემოსავალი უნდა მოგიტანოს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურას, როცა სასტუმრო ბიზნესის განვითარებისას რეგიონების 90%-ში არ არის განვითარებული საკანალიზაციო სისტემები და სასტუმროებს დამატებითი ხარჯების მობილიზება სჭირდებათ, რადგან არსებობს ვალდებულება, რომ გარემო არ დააბინძურონ. უნდა გააკეთოს სეპტიკი, რაც არ არის იაფი საქმე.
ამასთან, საჭიროა ელექტროენერგიის გენერატორი, გათბობის სხვადასხვა ალტერნატიული საშუალებები, რაც ინვესტიციას საკმაოდ ზრდის. რეგიონებში საკმაოდ მძიმე ზამთრები გვაქვს და ამ ყველაფერს მიხედვა და სწორი მენეჯმენტი უნდა”, – ამბობს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.