სტამბოლში დღეს რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები თითქმის ორ საათს გაგრძელდა — ინფორმაციას CNN-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. BBC-ის ოპერატორის ცნობით, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებისას ოთახში იმყოფებოდა, მხარეებს ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ. უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს — კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრის დროს კიევის წარმომადგენლები რუსეთის დელეგაციასთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობდნენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ბრიფინგიზე განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ 1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე. “ჩვენ განვიხილეთ ცეცხლის შეწყვეტის საკითხი და [პატიმართა] გაცვლის საკითხი. შედეგი არის 1000 ადამიანის 1000-ზე გაცვლა. ეს არის ჩვენი მოლაპარაკების შედეგი,” — განაცხადა უმეროვმა. უმეროვმა ასევე დასძინა, რომ ზელენსკისა და პუტინის პოტენციური შეხვედრაზე იმსჯელეს და მოლაპარაკებების ახალ შესაძლო რაუნდზე განცხადებას გააკეთებენ. უკრაინულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები “მოწყვეტილი იყო რეალობისგან და სცილდებოდა ყველაფერს, რაც ადრე იყო განხილული”. წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას წაუყენა ულტიმატუმი, რომ უკრაინა გასულიყო საკუთარი ტერიტორიის ნაწილებიდან, რათა მიეღო ცეცხლის შეწყვეტა “და სხვა არასაწყისი და არაკონსტრუქციული პირობები”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *