“ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ “ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე”. მან ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნად შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

მისი თქმით, ხელისუფლების ვალია, დედა ეკლესიის მხარდამხარ იბრძოლოს ეროვნული ფასეულობების დასაცავად.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად დგას ერი და ბერი, ერთად დგას ეკლესია და ხელისუფლება და, დღეს, ერთად დგას ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გარშემო.

მინდა, მადლობა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც დააწესა ეს უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენს ქვეყანაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, რომელიც დღეს მიუძღვებოდა ამ უძვირფასეს მსვლელობას.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა ერთიანობის მნიშვნელობას. მინდა, მივულოცო ყველას, ვინც შეუერთდა დღევანდელ მსვლელობას, იყო მრავალი ადამიანი, რომელიც დღეს არ იყო მსვლელობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ მსვლელობას და ჩვენ, ასევე, დღეს უნდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ ამ მსვლელობას. ისინიც უნდა გავიხსენოთ ჩვენ სიყვარულით და ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ გაიზიარონ ის ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა. მინდა, მათ და ჩვენს თავსაც ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს მსვლელობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილენი.

ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის. ეს ბრძოლა არ არის იოლი. არიან ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ფასეულობების დასაცავად,“- განაცხადა კობახიძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *